საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონი იწყება!
3 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში (ძველი სპორტის სასახლე), საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება.
წლევანდელი გათამაშება, რომელშიც რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, სამ წრედ წარიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას ოთხი საუკეთესო მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.
პირველი წრე სტარტს 15:00 სთ-ზე აიღებს, მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი, ლიგის დებიუტანტს, წყალტუბოს დაუპირისპირდება. 17:00 სთ-ზე დაიწყება „აფხაზური დერბი“ – მფკ აფხაზეთის მეტოქე, კიდევ ერთი დებიუტანტი ფკ კოლხი-გულრიფში იქნება. პირველ ტურში გაარკვევენ ურთიერთობას შარშანდელი პრიზიორები, ვერცხლის მედლების მფლობელი, ტატიშვილი, ბრინჯაოს მედალოსან თბილისს დაუპირისპირდება. მატჩი 19:00 სთ-ზე დაიწყება. რაც შეეხება ტურის ცენტრალურ შეხვედრას, მფკ აგორასა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაპირისპირება 21:00 სთ-ზე აიღებს სტარტს და გულშემატკივარს საშუალება ექნება ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი სილკ უნივერსალის ეთერში იხილოს. ტურის სხვა შეხვედრების ინტერნეტ ლაივი, ვებ-გვერდ sbm.ge-ზე განხორციელდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მესამე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ახალი სეზონიდან ლიგის პარტნიორი იქნება საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება აღნიშნული ჩემპიონატი.
ახალ სეზონზე იზრდება საპრიზო ფონდი – ფრის და მოგების შემთხვევაში, გუნდებს გაზრდილი ბონუსები დაერიცხებათ. ასევე დამატებითი ფულადი წახალისების მიზნით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდები გათავისუფლდებიან საწევრო გადასახადისგან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.