საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/2018 წლების სეზონის პრეზენტაცია
31 ოქტომბერს, სასტურმო „თბილისი რუმსში“, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მესამე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ახალი სეზონიდან ლიგის პარტნიორი იქნება საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება აღნიშნული ჩემპიონატი.
ახალი სეზონი სტარტს 3 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს სამ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.
ახალ სეზონზე იზრდება საპრიზო ფონდი – ფრის და მოგების შემთხვევაში, გუნდებს გაზრდილი ბონუსები დაერიცხებათ. ასევე დამატებითი ფულადი წახალისების მიზნით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდები გათავისუფლდებიან საწევრო გადასახადისგან.
რაც შეეხება ფუტსალის ლიგის სატელევიზიო გაშუქებას, სფფ-ს, SBM-სა და ტელეკომპანია „სილკის“ პარტნიორობის ფარგლებში, ყოველკვირეული მიმოხილვის გარდა, გულშემატკივარს საშუალება ექნება ყოველ პარასკევს, ტურის ცენტრალური შეხვედრა, „სილკ უნივერსალის“ პირდაპირ ეთერში იხილოს.
დავით მუჯირი, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: „დღეს ზოგადად ვისაუბრეთ იმ სიახლეებზე რომლითაც იქნება გამორჩეული 2017/2018 წლის სეზონი . ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ავყვეთ მსოფლიო ფუტსალის სიახლეებს, მათ შორის გვინდა, რომ მომავალი წლიდან ფუტსალის 19 -წლამდე ნაკრები ყავდეს საქართველოს. ახალი სეზონი 3 ნოემბერს აიღებს სტარტს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ეს დაგვანახა წინა შესარჩევმაც, თუ რა დიდია ფუტსალის ლიგის როლი ეროვნული ნაკრების ფორმირებასა და მის შემდგომ წარმატებაში.
ზაზა დოლიძე, ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი: „ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფუტსალის სახით გაჩნდა მიმართულება, რომელიც საქართველოში აუცილებლად განვითარდება, მას ბევრი მაყურებელი ჰყავს, მასობრივია, საინტერესო და დინამიური და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მხარში დავდგომოდით სპორტის ამ სახეობას. ფუტსალის ლიგას ყოველწლიურად ექნებათ დაფინანსება, ეს სტაბილურობა კი გულისხმობს ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას.“
ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო sbm-ის დირექტორი: „ ფუტსალის ლიგის გათამაშება სტარტს 3 ნოემბერს აიღებს, ლიგაში 8 გუნდი მონაწილეობს რომლებიც სამ წრედ ითამაშებენ. წლევანდელი სეზონი ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ნაკრების შემადგენლობა რამდენიმე გუნდშია გადანაწილებული და ვფიქრობ ეს დაძაბულობაზეც აისახება. ვისარგებლებ შემთხვევით და წარმატებებს ვუსურვებ მონაწილე გუნდებს.“
ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი „უპირველესად, მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა გუნდს. ვფიქრობ, რომ წლევანდელი სეზონი გამორჩეული იქნება, ყველა გუნდი საკმაოდ ძლიერია, გვყავს დებიუტანტიც. ჩემპიონატი იქნება დაძაბული და ეს ძალიან კარგია, რადგან აიწევს დონე და კლასი. ჩემპიონატი ყოველ წელს უმჯობესდება და სწორედ ეს პროგრესია სასიხარულო.“
Gff.Ge