საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ბრაზილიელი მოთამაშე დაემატა
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეიოფისთვის თბილისში მზადებას განაგრძობს. ავთანდილ ასათიანის გუნდის საწვრთნელი პროცესი ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეროვნული ნაკრები რამდენიმე ლეგიონერის გარეშე ემზადება.
საქართველოს ნაკრებს პლეიოფის შეხვედრებში წარმოშობით ბრაზილიელი როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი, იგივე ფუმასა დაეხმარება. აღნიშნულ ფეხბურთელს ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს, ბრაზილიელი მოთამაშე თბილისის იბერია სტარის ღირსებას იცავდა, 2013 წელს კი თბილისში ალმატის „კაირათის“ რიგებში ფუტსალის ოთხთა ფინალში ითამაშა და ოთხი გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ფუმასა სხვადასხვა საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობდა, ბოლო სეზონი კი ირანის ჩემპიონატის კლუბ „სუნგუნ ვარზეში“ გაატარა, ფუმასასთვის მოქალაქეობის მიღების პროცესში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად იყო ჩართული. შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ფეხბურთელმა უკვე მიიღო საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთში 10 სექტემბერს გაემგზავრება. რუმინეთი და საქართველო ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველ მატჩს ქალაქ დევაში გამართავენ. განმეორებითი შეხვედრა თბილისში 26 სექტემბერს შედგება. პლეიოფში გამარჯვებული ნაკრები 2018 წელს ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (ტატიშვილი, თბილისი),თორნიკე ბუკია (სპარტაკი, მოსკოვი), დავით კეპაშვილი (გერენია, კვიპროსი)
წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (თსუ), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), ზურაბ ლუკავა (სვეიკი, მალტა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზეში, ირანი)
GFF.GE