საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ზურაბ დათუნაშვილის დასჯას ითხოვს
დღეს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოცაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სერბეთის სახელით მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი უშვერი სიტყვებით გალანძღა.
ინციდენტი იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოხდა. ამ შეჯიბრზე დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ოფიციალურ ტურნირში მონაწილეობა პირველად მიიღო.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადება:
“იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირდა აღმაშფოთებელი ფაქტი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, ამჟამად სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურა დათუნაშვილმა უშვერი სიტყვებით გალანძღა სპორტული ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი. “სპორტსმენის” მხრიდან ჟურნალისტის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფების და გინების კორიანტელს ასევე შეესწრნენ ტურნირზე აკრედიტებული სპორტული ჟურნალისტები – ოთარ მაღლაკელიძე და სალომე ხარატიშვილი. მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის ასეთი(ან ნებისმიერი სხვა) სახით შეურაცხყოფა არის უაღრესად მდაბალი, სპორტსმენისა და მოჭიდავისათვის აბსოლუტურად შეუფერებელი და მიუღებელი საქციელი. ასეთი მოქცევისათვის დაუსჯელი არავინ არ უნდა დარჩეს. მივმართავთ თხოვნით საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას, რომ მომხდარის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენოს სერბეთის კოლეგა ფედერაცია, რომლის პრეროგატივაცაა დათუნაშვილის მისამართით სადამსჯელო ღონისძიების გატარება.”
ამ განცხადებას მალევე სოციალური ქსელის საშუალებით თავად ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი გამოეხმაურა:
“მადლობა მხარდაჭერისთვის.
მე პირადად, მომხდარზე საქმის კურსში უნდა ჩავაყენო ჭიდაობის გაერთიანება!
თანაც ეს შეურაცხყოფა არ დასრულებულა იმ დღეს არენაზე. მომხდარის მეორე დღეს, ე.წ სპორტსმენი, თავის ძმასთან ერთად საქმეებს მირჩევდა და მემუქრებოდა, რომ ჭკვიანად ვყოფილიყავი, თორემ უარესად გავშარავდი იმათ, ვის საქმესაც ვაკეთებ თურმე
ზურა დათუნაშვილი რომ უღირსი სპორტსმენია, საბედნიეროდ, ყველაზე ადრე მე მივხვდი და ის მიიღებს შესაბამის სანქციებს! ამის პირობას ვაძლევ!”