საქართველოსა და აზერბაიჯანის ამხანაგური მატჩი მოგვიანებით გაიმართება
საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური მატჩი, 2 თებერვლის ნაცვლად მოგვიანებით გაიმართება. ორი ქევეყნის ნაკრებები ერთმანეთს ფიფას ამხანაგური მატჩების კალენდრით გათვალისწინებულ დღეს შეხვდებიან. საქართველოსა და აზერბაიჯანის ამხანაგური მატჩი თურქეთის ქალაქ ანტალიაში, 2 თებერვალს იყო დაგეგმილი,რომელიც ამხანაგური მატჩების ოფიციალურ თარიღს არ წარმოადგენდა.
მატჩის ჩატარების თარიღი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
ალექსანდრე იაშვილი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: „ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ამხანაგური მატჩი მოგვიანებით აუცილებლად გაიმართება, შეხვედრის თარიღსა და მასპინძელ სტადიონს ქართული და აზერბაიჯანული მხარე უახლოეს პერიოდში დავაზუსტებთ. ამ ეტაპზე, ეროვნული ნაკრების კანდიდატების ძირითადი ნაწილი კლუბებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება და საწვრთნელ პროცესს სხვადასხვა ქვეყანაში გადის. ერთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ, რომელიც 24 იანვარს ლოზანაში გაიმართება, ოფიციალური კალენდარი შედგება და ყველა ამხანაგური მატჩის ჩატარების თარიღიც გაირკვევა“.
GFF.GE