საქართველოში “ინტერის” აკადემია იხსნება (ვიდეო)
მილანის “ინტერი” საქართველოში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას ხსნის.
იტალიური გრანდის რიგით მეოცე აკადემია თბილისში დაფუძნდება. პროექტი “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან” პარტნიორობით ხორციელდება. ცენტრში სწავლა 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს შეეძლებათ. განაცხადების მიღება კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე დაწყებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 ოქტომბერს “ინტერსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გასამართი მატჩის მიმდინარეობისას საქართველოში “ნერაძურის” აკადემიის დაფუძნების შესახებ აღსანიშნავი ბანერი გამოეფინება.
მილანის “ინტერთან” გაფორმებული თანამშრომლოობის დეტალებზე “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ დავით კერესელიძემ ისაუბრა:
“მოხარული ვარ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საფეხბურთო კლუბთან თანამშრომლობის გაფორმებით. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, ვინაიდან ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ წამყვან კლუბთან, როგორიც არის “ინტერი”, რომელსაც ახალგაზრდების განვითარებისთვის მუშაობაში გამოცდილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს.
აკადემიაში 5-დან 17 წლამდე ბავშვებს მივიღებთ, რომლებსაც იტალიიდან ჩამოყვანილი სპეციალისტი მასიმილიანი ფერარი უხელმძღვანელებს. მან “ინტერის” აკადემია ჩინეთში ააწყო. ყოველწლიურად “ინტერში” სტაჟირებას მინიმუმ ათი ქართველი მწვრთნელი და ოცი ფეხბურთელი გაივლის. “ინტერის” აკადემია საქართველოში ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს. ეს ამბავი იმიტომ მიხარია, რომ საქართველოში “ინტერის” აკადემიის გახსნა ქართულ ფეხბურთს წაადგება“.
“ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” სპორტული კლუბი დიღომში მდებარეობს. აქვე შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა” ქუთაისის “ტორპედო” შეისყიდა.
მილანის “ინტერმა” საქართველოში აკადემიის დაფუძნების შესახებ სპეციალური ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.