საქველმოქმედო მატჩი აკაკი დევაძის მხარდასაჭერად (ვიდეო)
30 მარტს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციისა და საინიციატივო ჯგუფის ძალისხმევით გაიმართა საქველმოქმედო მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის აკაკი დევაძის მხარდასაჭერად.
ვეტერანმა ფეხბურთელებმა სპორტული ჟურნალისტების, სპორტსმენების, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელების და მსახიობ-მუსიკოსთა გუნდს 14:5 სძლიეს. საქველმოქმედო შეხვედრაში ვეტერანთა შორის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ეროვნული გუნდის ექს-კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ, ლევან ცქიტიშვილმა, ოთარ ხიზანეიშვილმა, ირაკლი ზოიძემ, მამუკა მაჭავარიანმა და ოთარ გაბელიამ ითამაშეს, მეტოქე გუნდში კი მსოფლიოს ჩემპიონმა ჭიდაობაში, საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მსახიობმა ბესო ბერულაშვილმა, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა, ასევე საფეხბურთო ჟურნალისტებმა.
აკაკი დევაძეს ღვიძლზე გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება და რადგან ოპერაცია თურქეთში უნდა გაკეთდეს, მკურნალობა სოლიდურ თანხასთანაა დაკავშირებული. ვეტერანი მოთამაშის დასახმარებლად საქართველოს ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში. თანხის ჩარიცხვა ყველა მსურველს შეუძლია:
საქართველოს ბანკის კოდი: BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE52BG0000000692294500
ხაზგასასმელია, რომ აკაკი დევაძის სამკურნალოდ დახმარება გაიღეს ძიუდოს, კალათბურთის, ძალოსნობის და ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციებმა, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, ფეხბურთის ფედერაციამ, ასევე ვეტერანმა ფეხბურთელებმა.
აკაკი დევაძე დღემდე ერთადერთი მეკარეა, რომელმაც საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა. ეს 1995 წელს მოხდა, როცა იმხანად რუსეთის „როსტსელმაშის” მოთამაშემ გაზეთ „სარბიელის” გამოკითხვაში გაიმარჯვა.
აკაკი დევაძემ ეროვნულ გუნდში ოცჯერ ითამაშა. პირველად 1992 წლის 2 სექტემბერს, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ, უკანასკნელად კი 2005 წლის 30 მარტს, თურქეთთან.
სამინისტროს პრესსამსახური