სასტუმრო „მოხალისეში“ ტუტორთა გადამზადების მორიგი სემინარი გაიმართა
მწვრთნელთა საგანმანთლებლო პროგრამის ფარგლებში, თბილისში უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტი გენადი სკურტული იმყოფება, რომელიც ტუტორთა გადამზადების მორიგ სემინარს გაუძღვა.
ტუტორთა ინსტიტუტი ახალია მწვრთნელთა განათლების მიმართულებით და ამ მიდგომის დანერგვა საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს.
სასტუმრო მოხალისეში გამართულ სემინარში 14 ტუტორი მონაწილეობდა, გადამზადების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
სემინარის შინაარსზე ისაუბრა გენადი სკურტულმა, უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტმა: „ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოში პირველად ტუტორების გადამზადების კურსს ვატარებთ. აღნიშნულ კურსზე ჩვენ არ განვიხილავთ სპეციფიურ საფეხბურთო თემებს. არამედ ვცილობთ შევარჩიოთ უფრო ეფექტური გზა გამოცდილების გასაზიარებლად. ჩვენ აქ გამოცდილი ქართველი მწვრთნელები გვყავს, შესაბამისად ამ კურსის მთავარი მიზანი არის ის, რომ მსმენელებს გავაცნოთ
თანამედროვე მეთოდოლოგია და ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება გამოუცდელ მწვრთნელებს.“
კურსის მიმდინარეობა და ზოგადად, ახალი მიდგომა შეაფასა კურსის მონაწილემ, გიორგი დევდარიანმა: „ეს პროექტი აუცილებლად გამოადგება ქართულ ფეხბურთს. სწავლება განსხვავებული მეთოდით მიმდინარეობს. სწავლის პროცესში როგორც ტუტორი, ისე მსმენელი უფრო აქტიურადაა ჩართული. ეს პრინციპი კი იმაზეა აგებული, რომ შენს დაქვემდებარებაში მყოფი ფეხბურთელი თუ მწვრთნელი, რაც შეიძლება აქტიური გახადო. მნიშვნელოვანია, რომ მათ თავი არ იგრძნონ განკარგულების შემსრულებლად და უფრო აქტიურად ჩაერთონ იმ საქმეში, რომელსაც ქართული ფეხბურთის განვითარება ჰქვია. ეს პროექტი შედეგს დღეს და ხვალ ვერ გამოიღებს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ვთვლი, რომ უკეთესი შედეგი გვექნება.”
Gff.Ge