საულ ნიგესი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “მანჩესტერ სიტის” მთავარ სამიზნედ იქცა
მადრიდის “ატლეტიკოს” ესპანელი ნახევარმცველი, საულ ნიგესი, მანჩესტერული გრანდების ინტერესთა სფეროშია მოქცეული. ამ ინფორმაციას ESPN ადასტურებს. 24 წლის ჰავბეკი ორივე კლუბისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
როგორც ცნობილი ხდება, “წითელი ეშმაკუნების” რჩეული სკაუტები ესპანელ ფეხბურთელს თვალს “რაიო ვალენკანოდან” “ატლეტიკოში” გადასვლის (2013) დღიდან ადევნებენ.
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი, ოლე გუნარ-სულშერი, თვლის, რომ ნიგესი გუნდის შეტევით პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და ანდერ ერერას შეცვლასაც შეძლებს, რომელიც, დიდი ალბათობით, “პარი სენ-ჟერმენს” შეუერთდება.
რასაკვირველია, “ატლეტიკო” ამ მდგომარეობიდან მაქსიმალური სარგებლის ნახვას ცდილობს და საულ ნიგესის გაყიდვას მხოლოდ 150 მილიონ ევროდ აპირებს.
გეტყვით იმასაც, რომ “მანჩესტერ სიტი” საულ ნიგესის ალტერნატივად “როხიბლანკოს” 22 წლის ფეხბურთელ როდრი ერნანდესს განიხილავს.