“სავარაუდოდ, დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს” – ბათუმის “დინამოს” მფლობელი

ბათუმის “დინამოს” მფლობელმა, არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ის ქართულ ფეხბურთს და ბათუმის “დინამოს” დატოვებს.
“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ, დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს”, – ვკითხულობთ ბათუმის “დინამოს” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
1 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურში საჩხერის “ჩიხურამ” საკუთარ მოედანზე ჩემპიონობისათვის მებრძოლი ბათუმის “დინამო” მიიღო და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.
ბათუმელებმა, რომლებსაც კიდევ სამი შეხვედრა დარჩათ გასამართი, უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს. ისინი თბილისის “დინამოს” ერთი ქულით უსწრებენ, თბილისელები კი თავიანთ მატჩს კვირას “ტორპედოს” წინააღმდეგ ჩაატარებენ.
“ჩიხურასა” და ბათუმის “დინამოს” შორის გამართულ მატჩში იყო ორი ეპიზოდი, როცა მთავარმა არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა ბათუმელთა სასარგებლოდ თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა, რამაც სტუმარი გუნდის ფეხბურთელები და ქომაგები აღაშფოთა.