სავარაუდოდ, აშშ-ში ავთანდილ ხურციძე დააკავეს
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების 33 მოქალაქე დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდის ცნობით, დაკავებულებს ურთიერთობა ჰქონდათ რუსულ და ქართულ კრიმინალურ, მათ შორის რაჟდენ შულაიასა და ზურაბ ჯანაშვილის დანაშაულებრივ ჯგუფებთან.
როგორც ირკვევა, ამ პირებს კავშირი ჰქონდათ გამომძალველობასთან, თაღლითობასთან, ასევე ნარკოტიკებთან და იარაღთან.
დაკავებულთა სიაში ორი ქართველი სპორტსმენის – მოკრივე ავთანდილ ხურციძისა და MMA-ს მებრძოლის, ლევან მაყაშვილის სახელი და გვარები ფიგურირებს. ხურციძის შემთხვევაში, დოკუმენტში მითითებული ასაკი მის ნამდვილ ასაკს არ ემთხვევა, თუმცა მის ზედმეტსახელად “კიკბოქსიორია” მითითებული.
ჯერ-ჯერობით, დადასტურებული არ არის ნამდვილად არის თუ არა მოკრივე ავთანდილ ხურციძე დაკავებული, თუმცა დიდი ალბათობით, დამნაშავეთა შორის ის უნდა იყოს. ხურციძე აშშ-ში 7 ივნისს გაემგზავრა.