SBM LEAGUE 2014/15: ბრინჯაოს ლიგაში ყველაფერს დარჩენილი სამი ტური გადაწყვიტავს
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს, 4 და 5 აპრილს ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.
ბრინჯაოს ლიგის წრიული ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, საპლეიოფო ხუთეულებში მოსახვედრად ჯგუფებში სიტუაცია იძაბება… ვერცხლის ლიგის საპლეიოფო წყვილების ვინაობა, მხოლოდ ბოლო ტურში გაირკვევა… ოქროს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის შემდეგ, ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ფაქტიურად გარკვეულია….
4 აპრილს, ბრინჯაოს ლიგის VI ტურის ათი მატჩიდან, ცხრა გაიმართა.
ა ჯგუფში განსაკუთრებულ ინტერესს, ჯგუფის ლიდერების, მფკ პალერმოსა და მფკ ტატიშვილის დაპირისპირება იწვევდა. „მედიკოსები“ მატჩის განმავლობაში 2-0 იყვნენ წინ, თუმცა მათი მეტოქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ანგარიში მეორე ტაიმში გათანაბრდა და მატჩის ბედი შეხვედრის დასრულებმადე რამდენიმე წამით ადრე, გიორგი პირველის მოედნის ცენტრიდან ტყვიასავით დარტყმულმა გადაწყვიტა, საბოლოოდ 3-2 მფკ ტატიშვილის სასარგებლოდ.
უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა ხუთეულისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტების, ევროკრედიტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების დაპირისპირება. „ძალოვნებმა“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგეს, ამჯერად 0-3, რითიც პლეიოფში გასასვლელი გზა მნიშვნელოვნად „გაიმრუდეს“.
საჭირო ქულები დაკარგა „ქლინინგ სერვის გრუპმა“, რომელიც მერიას დაუზავდა 1-1, თავის მხრივ „დედაქალაქის მმართველებმა“ საპლეიოფო მარათონში პოზიციები შეინარჩუნეს.
იოლი გამარჯვებები მოიპოვეს ბი პი ჯორჯია 2-მა და ბიბლუსმა. „მენავთობეებმა“ სადებიუტო 3 ქულა, აუტსაიდერ, ქვემო ქართლის კრედოსთან მოიპოვეს 5-0, „გამომცემლებმა“ კი თიბის ფეის სძლიეს 9-4 და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდნენ.
არანაკლებ საინტერესო სიტუაციაა ბ ჯგუფში. ერთპიროვნულმა ლიდერმა, კასპის „გენერალმა“ მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში: კასპელებმა მედიქლაბჯორჯიას სძლიეს 3-0.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა კვირას გამართულ შეხვედრაში, რომელშიც საქართველოს ფოსტამ ხუთეულის რეალურ პრეტენდენტს ჯო ენის კლინიკის გუნდს გამანადგურებელი მარცხი აგემა, 12-3.
ყველაზე დაძაბული მცხეთის „გუჯარისა“ და ბაქსვუდი 2-ის დაპირისპირება გამოდგა. მცხეთებელი მხოლოდ მატჩის ბოლო წუთნახევარში გადაურჩნენ მარცხს და საბოლოოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამი ქულაც მოიპოვეს, 4-3.
მხოლოდ მინიმალური სხვაობით მოახერხა სამი ქულის აღება ვივუსმა, რომელმაც კარფურს სძლია 2-1. ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში, პალიტრამ 15-0(!!!) დაამარცხა მეგაკო.
04.04 – 05.04. 2015.ბრინჯაოს ლიგა.VI ტური.
ა ჯგუფი
BP 2 – კრედო (ქვემო ქართლი) 5-0
TBC Pay – ბიბლუსი 4-9
მერია – CSG 1-1
სდსს – ევროკრედიტი 0-3
მფკ ტატიშვილი – MFC PALERMO 3-2
ბ ჯგუფი
გენერალი – მედიქლაბჯორჯია 3-0
მეგაკო – პალიტრა მედია 0-15
ბაქსვუდი 2 – გუჯარი (მცხეთა) 3-4
VIVUS.GE – კარფური 2-1
05.04.2015
საქართველოს ფოსტა – ჯო ენი 12-3
* სატურნირო მდგომარეობის შესახებ იხილეთ სატურნირო ცხრილები, რომელიც თან ერთვის მასალას.
ბრინჯაოს ლიგის ბომბარდირები: ჯაბა კოღუა (საქართველოს ფოსტა) – 13, გიორგი მაკარაშვილი (პალიტრა) – 12, ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი), ირაკლი კირვალიძე, გიორგი მამუჩიშვილი (ბიბლუსი) – 11
ვერცხლის ლიგაში მეთორმეტე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა და სამივე თითქმის ერთნაირი ანგარიშით დასრულდა. ბი პი ჯორჯიამ ივერიაბეთს აჯობა იოლად, 6-1. კრედომ პროკრედიტბანკს სძლია 6-0, ხოლო „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერმა“ ბაქსვუდი დაამარცხა 6-2. ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრსა და ვითიბი 2-ს შორის გადაიდო.
ამრიგად ბოლო, XIII ტურის წინ, გასარკვევია თუ რომელი გუნდი დაიკავებს მერვე საპლეიოფო ადგილს და როგორ განაწილდება I-VIII ადგილები, რის შემდეგაც გაირკვევა 1/4 ფინალური წყვილები.
05.04.2015. ვერცხლის ლიგა. XII ტური
BP GEORGIA – ივერიაბეთი 6-1
კრედო – პროკრედიტ ბანკი 6-0
GWP – ბაქსვუდი 6-2
ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ლადო ასათიანი (ბაქსვუდი), ზურა ცერცვაძე (კრედო) – 26, ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი 2) – 25
კვირის მთავარი ინტრიგა, ოქროს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის დაპირისპირებები იყო.
ოთხიდან ორ შეხვედრაში ფაქტიურად ყველაფერი ნაადრევად გაირკვა. ნატახტარმა 5-1 დაამარცხა ერისთავი, ხოლო რეგულარულის გამარჯვებულმა, GM ჭიათურამ 8-0 სძლია ბორჯომს.
განმეორებითი შეხვედრის წინ ორ ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა ევროპაბეთმა, რომელმაც ვითიბი ბანკი დაამარცხა 3-1. რაც შეეხება კიდევ ერთ დაპირისპირებას, საქართველოს ბანკისა და პრივატ ბანკის „საბანკო“ დერბი უაღრესად დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ ფრედ, 1-1 დასრულდა.
05.04.2015. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი
ნატახტარი – ერისთავი 5-1
GM ჭიათურა – ბორჯომი 8-0
საქართველოს ბანკი – პრივატბანკი 1-1
ვითიბი ბანკი – ევროპაბეთი 1-3
განმეორებითი შეხვედრები 26 აპრილს გაიმართება.
ოქროს ლიგის ბომბარდირები: მიხეილ გოგბერაშვილი (GM ჭიათურა) – 12, კახაბერ გოგოხია (ნატახტარი) – 11, გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 10
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური