სებასტიან ფეტელი: „თითოეულ პილოტს ბოლიდის მართვის ახალი სტილის გამომუშავება მოუწევს“
„რედ ბულის“ პილოტი სებასტიან ფეტელი თვლის, რომ რეგლამენტისა და ბოლიდთა კონსტრუქციაში ცვლილებების გამო თითოეულ ავტომრბოლელს ბოლიდის მართვის უნარების შეცვლა მოუწევს. გერმანელის თქმით, ფორმულა 1-ის პილოტები ახალ პირობებს უნდა შეეგუონ.
„დარწმუნებული ვარ, პილოტირებაში ახალი ელემენტები გაჩნდება და ზოგადად, სხვა მოთხოვნები დაწესდება. ამ ყველაფერთან ადაპტირება მოგვიწევს. ახალი ბოლიდი ტრეკზე სულ სხვანაირი იქნება. თუ ისევ ისე ვიმოძრავებთ, როგორც ეს ადრე ხდებოდა, ფინიშის ხაზამდეც ვერ მივაღწევთ. ეს სათქმელად ადვილია, მაგრამ სტილი როგორ უნდა შევიცვალოთ? თითოეულმა პილოტმა თვითონ უნდა იპოვოს ამ კითხვაზე სწორი პასუხი“, – ფეტელის სიტყვებს Autosport-ი ციტირებს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2014 წლის სეზონის პირველი გრანპრი მელბურნში (ავსტრალია), 16 მარტს შედგება და რბოლა თბილისის დროით დილის 10:00 საათზე აიღებს სტარტს.
ბექა დოგრაშვილი