სენსაცია არ შედგა — საფრანგეთმა ირლანდიის დამარცხება შეძლო (ვიდეო)
ლიონში საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრა შედგა. მატჩის უპირობო ფავორიტად დიდიე დეშამის გუნდი მიიჩნეოდა, თუმცა ირლანდიელებმა მეორე წუთზევე შეძლეს დაწინაურება. პოლ პოგბამ საკუთარ საჯარიმო მოედანზე შეინ ლონგი წააქცია და მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი რობერტ ბრედიმ გაიტანა. ეს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ადრე გატანილი თერთმეტმეტრიანი გახლავთ. გაშვებული გოლის შემდეგ “მამლები” ძალზედ გააქტიურდნენ, თუმცა ირლანდიელები თავს კომპაქტურად იცავდნენ, მჭიდროდ თამაშობდნენ და მეტოქეს მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლას უჩაღებდნენ, არც დროის გაყვანას თაკილობდნენ. აღსანიშნავი იყო პოგბას შორეული საჯარიმო დარტყმა, თუმცა მეკარე დარენ რენდოლფმა საიმედოდ ითამაშა. გოლის გატანის ორი კარგი მომენტი ირლანდიელებსაც ჰქონდათ, თუმცა ერთ ეპიზოდში უგო ლორისმა იყოჩაღა, მეორე მომენტში კი შეინ დაფის მცირეოდენ უმტყუნა სიზუსტემ. პირველი ტაიმი ირლანდიის ნაკრებმა 1:0 მოიგო.
მეორე ტაიმი ფრანგებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს, გაცილებით სწრაფად მოქმედებდნენ და 58-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს. კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ბაკარი სანიამ ჩააწოდა, იქ კი უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ანტუან გრიზმანმა ზუსტი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ზუსტად სამ წუთში მასპინძლები სულაც დაწინაურდნენ: ოლივიე ჟირუმ საჯარიმოს მისადგომებთან საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი უყურადღებოდ დარჩენილ გრიზმანს დაუგდო და ამ უკანასკნელსაც ხელსაყრელი პოზიციიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია – 2:1. ირლანდიელთა სიტუაცია 66-ე წუთზე კიდევ უფრო დამძიმდა: გრიზმანი მეკარესთან ერთი ერთზე გადიოდა, თუმცა იგი საჯარიმო მოედნისს ხაზთან უკნიდან დაფიმ “მოცელა” და არბიტრმა ირლანდიელ მცველს ბოლო იმედის ჯარიმისთვის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ირლანდიის ნაკრები მინდორზე ათი კაცით დარჩა. დეშამმა შანსი ანდრე-პიერ ჟინიაკსაც მისცა. ფრანგ თავდამსხმელს არაერთი მომენტი მიეცა, ერთხელ ბურთი ხარიხასაც გაარტყა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. დაწინაურების შემდეგ ფრანგებმა სათამაშო ტემპი შედარებით დააგდეს და საბოლოოდ, მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს. საფრანგეთის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე ინგლისსა და ისლანდიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ევრო-2016
მერვედფინალი
საფრანგეთი — ირლანდია 2:1 (0:1)
საფრანგეთი: ლორისი; სანია, რამი, კოსელნი, ევრა; პოგბა, კანტე (კომანი 46′) (სისოკო 90+3′), მატუიდი; გრიზმანი, პაიე; ჟირუ (ჟინიაკი 73′).
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი.
ირლანდია: რენდოლფი; კოულმენი, კიო, დაფი, უორდი; მაკკარტი (ჰულაჰანი 72′), ჰენდრიკი; ბრედი, მაკკლინი (ოში 68′); ლონგი, მერფი (უოლტერსი 65′).
მთავარი მწვრთნელი: მარტინ ონილი.
გოლები: გრიზმანი 58′, 61′ — ბრედი 2′ (პენ).
გაფრთხილებები: კანტე 27′, რამი 44′ —კოულმენი 25′, ჰენდრიკი 41′, ლონგი 72′.
გაძევება: დაფი 66′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).