სეოკ-ის საჩუქარი ქართველ ემიგრანტებს
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აქტიურად ჩაერთო კამპანიაში „წიგნები საქართველოდან“, რომელიც ხორციელდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ქართველი ემიგრანტებისთვის იქმნება წიგნის ბანკი, რათა უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის მოეწყოს ქართული წიგნების ბიბლიოთეკები.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ქართველ ემიგრანტებითვის შექმნილი წიგნის ბანკს საჩუქარი გადასცეს ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცემული მაღალპოლიგრაფიული სპორტული ლიტერატურა: 36 წიგნი 36-ვე ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონზე, საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია – „მოგზაურობა ოლიმპეთში,“ წიგნები სერიიდან „ათენიდან ტოკიომდე,“ ალბომები -„ოლიმპიური საქართველო“ და „ქართველები რიოში.“
„ძალიან საინტერესო და კარგი წამოწყებაა, – აღნიშნა ელგუჯა ბერიშვილმა, – ოლიმპიური კომიტეტი ყოველთვის მზად არის კეთილი და საჭირო საქმის თაოსნებს მხარი დაუჭიროს. ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი წიგნი გვაქვს გამოცემული და მისასალმებელია, რომ ამ პროექტის მეშვეობით ამ წიგნებს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებიც გაეცნობიან.“
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური