სერ სამსონ ფრუიძის სასწაული – “ჩიხურას” მხოლოდ 3 ფეხბურთელი ჰყავდა…
საჩხერის “ჩიხურამ” ეროვნული ლიგის მე-10 ტურში თბილისის “დინამოსთან” მიხეილ მესხის სტადიონზე (ივანწმინდაში სტადიონის საფარი უნდა გამოიცვალოს – რედ.) 2-2 ითამაშა. პირველი 60 წუთის განმავლობაში “ჩიხურა” “დინამოს” 2-ჯერ აღემატებოდა და 56-ე წუთზე კამლაძემ თავური დარტყმით დააწინაურა იმერლები. გატანილი გოლის შემდეგ “ჩიხურა” დაცვაში ჩაჯდა და ჯერ მე-80 წუთზე კუტალიამ ანგარიში გაათანაბრა, 83-ზე კი ჩიტეიშვილი გააძევეს. დამატებით მე-2 წუთზე გუჯა რუხაიმ “დინამო” წინ გაიყვანა, თუმცა 96-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ პენალტი გამოიყენა და საჩხერლებს ქულა მოუტანა.
“ჩიხურამ” წინა ტურში ქუთაისის “ტორპედოსთან” ითამაშა ფრედ, ამჯერად კი ჩემპიონატის მოგების კიდევ ერთი პრეტენდენტს, “დინამოსაც” დააკარგვინა ქულები.
გუნდი ახალი სეზონის წინ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა, გიორგი გაბედავამ და ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა, ირაკლი ბუღრიძემ დატოვეს. კლუბს ფინანსებიც შეუმცირდა და საკუთარ მოედანზე ვეღარ თამაშობს.
მიუხედავად ამისა, მთავარი მწვრთნელის, სამსონ ფრუიძის ხელმძღვანელობით “ჩიხურამ” მიმდინარე სეზონში 15 ქულის დაგროვება შეძლო და მე-5 პოზიციაზე იმყოფება. 3 ტურის წინ მოქმედი ჩემპიონი “საბურთალო” 3-2 დაამარცხა.
ყველაზე საინტერესო დღევანდელ მატჩში ერთი გარემობა გახლდათ, რომელიც ბევრს გამორჩა. ფრუიძეს სათადარიგო სკამზე მხოლოდ 3 ფეხბურთელი ჰყავდა, 1 მეკარე, 1 თავდამსხმელი და 1 ნახევარმცველი, რომელიც 85-ე წუთზე გამოიყვანა. “ჩიხურას” ძალიან ბევრი მოთამაშე ტრავმირებული ჰყავს (ფანცულაია, ერგემლიძე…) და ოლეგ მამასახლისი დისკვალიფიცირებული. “დინამო” 6 ლეგიონერით და 18 კაციანი განაცხადით იყო წარმოდგენილი.
შემდეგ შეხვედრა 5 მაისს “დილას” წინააღმდეგ არის ჩანიშნული და დიდი ალბათობით, 10 დღეში გუნდს ფეხბურთელებიც დაუბრუნდება, თუმცა სერ სამსონ ფრუიძე 10 ხის კუნძით და 1 ზიდანით ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებდა.