სერბთა თავკაცი: “ქართველები თავდასხმაში უფრო ძლიერნი არიან, ვიდრე დაცვაში”
სერბეთის ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ თბილისში გასამართი მატჩისთვის მზადებას იწყებს. ნაკრების თავკაცმა სლავოლიუბ მუსლინმა განაცხადი უკვე დაასახელა და პრესკონფერენციაზე მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
“განაცხადში დავასახელე ის ფეხბურთელები, რომელთა მიმართაც დიდი ნდობა მაქვს. კონსულტაციების გავლისა და მეტოქის ანალიზის შემდეგ შემადგენლობაში კანდიდატთა შორის საუკეთესონი შევიყვანე. იმედი მაქვს, რომ განაცხადში არაფერი შეიცვლება. ვიმედოვნებ, არ იქნება ტრავმები და არ მოგვიწევს იძულებითი ცვლილებების განხორციელება. ყველა ფეხბურთელი მზად უნდა იყოს საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის.
დებიუტანტებმა უროშ ჯურჯევიჩმა და მიატ გაჩინოვიჩმა თავიანთ კლუბებში კარგი თამაშის გამო ნაკრებში გამოძახება დაიმსახურეს.
საქართველოს ნაკრები ძალზედ უჩვეულო გუნდია, რომელმაც განვლილ მატჩებში უფრო მეტი ქულა დაიმსახურა, ვიდრე რეალურად მოიპოვა. რუსეთში მუშაობის პერიოდში ქართველი მოთამაშეების თვისებების შესახებ ბევრი რამ გავიგე. მეტოქეს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მათი პრობლემა ხასიათი და გუნდური თამაშია. ისინი თავდასხმაში უფრო ძლიერნი არიან, ვიდრე დაცვაში.
ამ მატჩში ფავორიტები ჩვენ ვართ, მაგრამ მოთმინება და დიდი სიფრთხილე გვმართებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩემი ბიჭების მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს საკლუბო დონეზე სათამაშო დროსთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. არაფრის მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მათ ისე თამაში შეუძლიათ, როგორსაც ჩვენ მოველით”, – განაცხადა სერბეთის ნაკრების თავკაცმა.