სერია A – პრევიუ
იტალიაში ყველა მნიშვნელოვანი პოზიცია უკვე გათამაშდა. გასარკვევი მხოლოდ ლიგიდან გავარდნილი გუნდების ვინაობა და ევროპა ლიგის საგზურის მფლობელი დარჩა.
ინტერი – ლაციო
“ინტერის” მეხუთე ადგილის დასაკუთრება რამდენიმე გუნდს სურს. 37-ე ტურში მილანელებს არც თუ ისე იოლი მეტოქე ეყოლებათ. “ლაციოსთან” სამი გულა გარანტირებული არავის არ აქვს და გამონაკლისი რა თქმა უნდა არც “ინტერია”. თანაც, მოტივაცია რომაელებსა აქვთ. გამარჯვების შემთხვევაში რეიას გუნდი ევროთასებზე გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.
მოტივაციის ნაკლებობას არც “ინტერი” უჩივის. განსაკუთრებით ეს გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვალტერ მაცარის ეხება. არასტაბილური სეზონის დასკვნით ნაწილში მილანში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ არის მაცარისთან თანამშრომლობის გაგრძელების საკითხი.
ატალანტა – მილანი
კლარენს ზეედორფის გუნდი დერბის მოგების შემდეგ ბერგამოში “ატალანტას” ეწვევა. მასპინძლებმა შესანიშნავ გამარჯვებების სერიას, 5-მატჩიანი მოუგებელი მოაყოლეს, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა.
“მილანმა” კი გასულ ტურში სეზონის გადარჩენის იმედი დაიბრუნა. მიზნის მისაღწევად დამდეგი ტურის მატჩში მილანელებს მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებთ.
რომა – იუვენტუსი
რომ არა “რომას” მოულოდნელად დაკარგული ქულები, კვირას გასამართი მატჩი ტურის კი არა, მთლიანად ჩემპიონატის ცენტრალური და გადამწყვეტი შეხვედრა იქნებოდა.
თუმცა, სტადიო ოლიმპიკოზე გასამართი დაპირისპირება არც ახლა უნდა იყოს უინტერესო. ორივე გუნდისთვის ამ მატჩში მოგება ღირსების საქმეა. რომაელები შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ ჩემპიონს არაფრით არ ჩამოუვარდებიან. ტურინელები კი, საკუთარი უპირატესობის განმტკიცებას და ერთგული გულშემატკივრების გახარებას აპირებენ.
10/05/14
11/05/14