სერია A – პრევიუ
“იუვენტუსი” “მილანს” ესტუმრება, “ფიორენტინა” “ლაციოს” მიიღებს, რომაელები კი “ინტერს” დაუპირისპირდებიან – იტალიაში საინტერესო ტური გველის.
რომა – ინტერი
იტალიური ტური დღეს რომში გაიხსნება, სადაც “სტადიო ოლიმპიკოზე” “რომა” “ინტერს” მიიღებს. რომაელებისთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს, შესაბამისად გარსიას შეგირდები დღეს გამარჯვებაზე ითამაშებენ.
“ინტერს” კი მიმდინარე სეზონში გაცილებით მოკრძალებული გეგმები აქვს. გუნდი მეხუთე ადგილზეა და მთავარი მიზანი მაინც ამ საფეხურის შენარჩუნებაა. წელს “ინტერის” მთავარი პრობლემა სტაბილურობის არქონაა. ფლორენციაში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, მილანელებმა “კალიარისთან” საშინაო მატჩში დაკარგეს ქულები.
აღსანიშნავია, რომ რომას და ინტერის უკანასკნელი ცხრა შეხვედრიდან “ინტერმა” მხოლოდ ერთის მოგება შესძლო.
ფიორენტინა – ლაციო
ფლორენციაში ერთმანეთს ევროპის ლიგის მონაწილეები შეხვდებიან. თუმცა, თუ “ლაციოს” უკვე ყოფილი მონაწილის სტატუსი აქვს. ვინაიდან რომაელები ბულგარულ “ლუდოგორეცთან” გამოეთიშნენ გათამაშებას. საშუალო დონის ბულგარულმა კლუბმა “ლაციოს” 3 გოლი გაუტანა, რაც რომაელების სუსტ დაცვას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ამიტომ, გასაკვირი არ იქნება, თუ ფლორენციაში უხვგოლიან შეხვედრას ვიხილავთ. “ფიორენტინას” შემადგენლობაში ნამდვილად არიან ისეთი ფეხბურთელები, ვინც გოლის გატანა იცის. თუმცა, მონტელა აღიშნულ მატჩს საკადრო პრობელმებით ხვდება. დისკვალიფიკაციის გამო “ფიორენტინას” ვერ დაეხმარებიან: დოალოტე, პისარო და ბორხა ვალერო.
მილანი – იუვენტუსი
იტალიური ფეხბურთის კლასიკის მოყვარულებს “სან-სიროზე” ელიან. მილანის მთავარ არენაზე კლარენს ზეედორფის გუნდს ტურინის “იუვენტუსი” ესტუმრება. ამ გუნდების წლევანდელი მიზნები განსხვავებულია, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც სატურნირო ცხრილში არსებულ მდგომარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს!
ორივე გუნდი ევროთასებზე ასპარეზობს. თუმცა, სიტუაცია აქაც განსხვავებულია. “იუვენტუსი” დამაჯერებლად მიიწევს საშინაო არენაზე გასამრთ ევროპის ლიგის ფინალისკენ. “მილანის” საჩემპიონთალიგო პერსპექტივები კი, ბურუსით არის მოცული.
მთელი კვირის განმავლობაში მილანელები მარიო ბალოტელის გარეშე ვარჯიშობდნენ, რომელსაც მხრის ტრავმა აწუხებს. თუმცა, ბალოტელის თამაში “იუვენტუსთან” გამორიცხული არ არის. “იუვენტუსს” კი დიფკვალიფიცირებული ვიდალი ვერ დაეხმარება, რაც ტურინული კლუბისთვის დიდ დანაკლისს წარმოადგენს.
01/03/14
02/03/14