სერია A-ს პრეზიდენტი: “სისტემა კოლაფსის წინაშე დგას”
სერია A-ს პრეზიდენტი, პაულო დალ პინო, იტალიის მთავრობას აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფეხბურთის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდნენ.
როგორც იცით, სექტემბერში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ იტალიის ჩემპიონატის მატჩებზე 1 000-მდე გულშემატკივარს აქვს დასწრების უფლება. თუმცა, მას შემდეგ ვირუსის გავრცელების ტემპი საკმაოდ გაიზარდა და პრემიერ-მინისტრი მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აპირებს.
ქვეყანაში ბარებსა და რესტორნებს საღამოს ექვსი საათის შემდეგ ფუნქციონირება აეკრძალათ. ასევე დაიხურა ყველანაირი სამოყვარული სპორტული წრეებიც.
“ვიმედოვნებ, რომ მთავრობა სწორად აანალიზებს ფეხბურთის, როგორც ინდუსტრიის, მნიშვნელობას. ძალიან შეშფოთებულები ვართ, რადგანაც სისტემა კოლაფსის წინაშე დგას. ვშიშობ, ქვეყნის ეკონომიკა დიდად იზარალებს ამ შეზღუდვების ფონზე.
უდავოა, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომელიც მხოლოდ ახლო მომავალზე არ იქნება გათვლილი.
გვერდითმა მოვლენებმა უკვე დააზიანა ბევრი სექტორი, ისევე როგორც ჩვენი. უკვე დავკარგეთ 600 მილიონი ევრო 2020 წელს სტადიონების დახურვის გამო. ჩვენი ინდუსტრია წელიწადში 1 მილიარდ ევროს იხდის გადასახადების სახით, რაც პრემიერ-მინისტრმა უნდა გაითვალისწინოს,” – აცხადებს დალ პინო.