სერია A-ში გადმოსულ “სალერნიტანას” ჩემპიონატში არ არეგისტრირებენ
იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ საფეხბურთო კლუბ “სალერნიტანას” სერია A-ს ლიცენზირებაზე უარი უკვე მეორედ ეთქვა.
“სალერნიტანას” მფლობელი კლაუდიო ლოტიტო გახლავთ, რომელიც რომის “ლაციოსაც” ფლობს. რეგულაციის მიხედვით, იტალიის ერთ ჩემპიონატში ორი კლუბის ფლობა დაუშვებელია. ლოტიტოსთვის გამონაკლისი დაუშვეს, სანამ “სალერნიტანა” სერია A-ს საგზურს მოიპოვებდა.
ლოტიტომ ახალი მფლობელი ვერ მონახა, რის შემდეგაც კლუბი საკუთარ შვილსა და სიძეს გადაუფორმა და ორი წლის ვადით მართვის სადავეების დათმობაც სცადა, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში ეს ძალისხმევა არ დააფასეს და კლუბს კიდევ ერთხელ ეთქვა უარი სერია A-ში რეგისტრაციაზე.
“სალერნიტანას” პრობლემის მოსაგვარებლად ვადა 3 ივლისამდე აქვს.
სალერნოს “სალერნიტანამ” სერია A-ში უკანასკნელად 1999 წელს ითამაშა. მაშინ გუნდმა სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილი დაიკავა, რაც არის კიდეც მისი საუკეთესო შედეგი.