სერია A-ში მსაჯისა და ვიდეორეფერის საუბრის მოსმენა შესაძლებელი იქნება
ჯანლუკა როკი, სერია A-ს მსაჯთა დანაყოფის მმართველი, პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო სიახლეს აანონსებს. როგორც ჩანს, მალე გულშემატკივრებს მსაჯსა და ვიდეორეფერის ოთახში მყოფი არბიტრების საუბრის მოსმენის საშუალება მიეცემა.
– ვიდეოგამეორებების სისტემა ბრწყინვალე ინსტრუმენტია, თუმცა მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაბალანსებული. თუ ეს არ მოხდება, ვიდეორეფერი, შესაძლოა, მტერიც გამოდგეს.
– არსებობს იმის შანსი, რომ მსაჯისა და ვიდეორეფერის დიალოგები ტრანსლაციის დროს ფანებისთვის ხელმისაწვდომი იყოს?
– უახლოეს მომავალში ასეც იქნება, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ფანებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ მიმდინარეობს გარკვეული მომენტების განხილვა მსაჯებს შორის.
– შეეძლებათ მწვრთნელებს საქმეში ვიდეორეფერის ჩართვის მოთხოვნა?
– ამის წინააღმდეგები არ ვართ, თუმცა თავდაპირველად მწვრთნელების აზრი უნდა მოვისმინოთ.