სერხიო აგუერო: “სიკვდილისგან უსაფრთხოების ღვედმა მიხსნა”
“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ამსტერდამში მომხდარი ავტოავარიის შესახებ ისაუბრა.
“როდესაც საავადმყოფოში მომათავსეს, პირველ რიგში, იმით დავინტერესდი, შევძლებდი თუ არა უახლოეს საკლუბო მატჩში მონაწილეობის მიღებას. შემდეგ იგივე შეკითხვა სანაკრებო შეხვედრაზე დავსვი. ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მივიღე. მადლობა ღმერთს, რომ უსაფრთხოების ღვედი შეკრული მქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა თქვენთან საუბარს ვერ შევძლებდი”, – ციტირებს აგუეროს სიტყვებს “თაიმსი”.
შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერო ორი კვირის წინ ავტოავარიაში მოყვა. არგენტინელი ფეხბურთელი ამსტერდამში გამართული ერთ-ერთი მუსიკალური კონცერტის შემდეგ აეროპორტის მიმართულებით ტაქსით გადაადგილდებოდა. ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გარეგანათების ბოძს დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად სერხიო აგუერომ ნეკნი გაიტეხა.