სერხიო აგუეროს მშობლიურ კლუბში დაბრუნება სურს
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” წერს, რომ “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობს.
წყაროს თანახმად, 29 წლის არგენტინელ ფეხბურთელს “ინდეპენდიენტეში” დაბრუნება 2019 წლის ზაფხულში უნდოდა, როცა “ქალაქელებთან” გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა გასდიოდა, თუმცა აგუერომ გეგმები შეცვალა და ახლა მოვლენების დაჩქარება სურს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სერხიო აგუერო უკმაყოფილოა მისდამი ხოსეპ გვარდიოლას დამოკიდებულებით, რაც შესაძლოა, არგენტინელის სამშობლოში დაბრუნების სურვილის მთავარი მიზეზიც იყოს.