სერხიო რამოსი: “ალვეში და რაკიტიჩი სევილიაში ღმერთებად შერაცხეს, მე კი…”
13 იანვარს ესპანეთის სამეფო თასის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მატჩში ანდალუსიის “სევილიამ” მადრიდის “რეალი” მიიღო და მასთან ფრე (3:3) ითამაშა. საბოლოოდ – 6:3, “ბლანკოსის” სასარგებლოდ.
თამაშის 83-ე წუთზე “სევილიას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მადრიდელთა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და 3:2 გახადა ანგარიში. ესპანელმა გოლი ანდალუსიელი გულშემატკივრების წინ აღნიშნა, რომელთა ნაწილმაც რამოსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურა.
რამოსმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ უკმაყოფილო და ნაწყენი იყო ყოფილი გუნდის ფანების ქცევით.
“მათ მიმართ უპატივცემულობა არცერთ მომენტში არ გამომიხატავს.”
“გოლის მომენტში მეკარე სორიას ვუთხარი, რომ ეპატიებინა და, რომ ნამდვილად არ ვიყავი დამნაშავე.”
“სევილია ყოველთვის იყო ჩემი სახლი. თუმცა, მე “რეალის” კაპიტანი ვარ და მუდამ დავიცავ ჩემს გუნდს, ვიბრძოლებ ამ კლუბის წარმატებისთვის.”
“ეს ფეხბურთია და ანდალუსიელმა ფანებმა უნდა გააცნობიერონ. აქ როცა ჩამოვალ, მინდა, სხვანაირად მიმიღონ. ეს პატივისცემაა, თუმცა მათ მიერ გამოხატული უპატივცემულობით მე არაფერი მაკლდება. უბრალოდ, გავიხსენებ, რომ, როცა ალვეში და რაკიტიჩი სევილიაში ჩავიდნენ, იქაურმა ფანებმა ისინი ღმერთებად შერაცხეს.”
“ეს ფეხბურთია და მე მუდამ გავაგრძელებ ჩემი გუნდის წარმატებისთვის ბრძოლას,” – განაცხადა ესპანელმა მცველმა.
იხილეთ რამოსის პენალტი