სერხიო რამოსი: “ამ ყველაფრით გაკვირვებული ვარ”
მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ “აიაქსთან” მატჩში მიღებულ ყვითელ ბარათს ეხება, კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, მადრიდელთა მცველმა “აიაქსთან” მატჩის ბოლო წუთებში დოლბერგი წააქცია, რის შემდეგაც მსაჯმა ის გააფრთხილა. ყვითელი ბარათების რაოდენობიდან გამომდინარე, რამოსს ამსტერდამელების წინააღმდეგ განმეორებითი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
32 წლის ფეხბურთელმა “აიაქსთან” მატჩის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის ყვითელი ბარათის მიღებაზე ნამდვილად ფიქრობდა, თუმცა მორიგ ინტერვიუში ეს უარყო. ამავდროულად, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია, რამოსი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.
“ამ ყველაფრით გაკვირვებული დავრჩი. მე ვიგულისხმე, რომ განზრახ დავჯარიმდი და არა ის, რომ ყვითელი ბარათი განზრახ მივიღე”, – ციტირებს რამოსის სიტყვებს Goal.Com.