სერხიო რამოსი და ფლორენტინო პერესი გასახდელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალსა” და ამსტერდამის “აიაქსს” შორის გამართული მატჩის შემდეგ “სამეფო კლუბის” კაპიტანი სერხიო რამოსი და პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრის შემდეგ პერესი გასახდელში შევიდა. მან ფეხბურთელებს უსაყვედურა. გასახდელში იყო სერხიო რამოსიც, რომელმაც პრეზიდენტს შეახსენა, რომ გუნდის წევრები მას ზაფხულში თავდამსხმელის შეძენისაკენ მოუწოდებდნენ.
რამოსის თქმით, “რეალის” კრიზისი მხოლოდ ფეხბურთელების ბრალი არ არის, რასაც პერესთან კამათი მოჰყვა. ამის შემდეგ, 32 წლის მცველმა პრეზიდენტს უთხრა, რომ თუ მას პერესი კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხას გადაუხდის, ის მზადაა კლუბი დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “აიაქსთან” 1:4 განადგურდა და ორი მატჩის ჯამში (3:5) ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.