სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში – კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს
„სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ – სასწავლო პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულებულია. ამ ეტაპზე , საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას აწარმოებენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პირველი და უახლესი ერთობლივი პროექტი საფეხბურთო მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია უკვე მეორე წელია ახორციელებს. პროგრამა უფასოა მსურველთათვის და სრულად ფინანსდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ.
პროგრამის მთავარი მიზანი ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლების მენეჯმენტის უნარებში გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. თითოეული სასერტიფიკატო პროგრამის ხანგრძლივობაა 5 თვე და განკუთვნილია ფეხბურთის კლუბების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისა და სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.
პროგრამის ფარგლებში კურსის მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებს გაეცნობიან, ასევე შეისწავლიან სტრატეგიული და ოპერაციული მართვის, დაგეგმვის, სტადიონების მოწყობისა და ღონისძიებების ორგანიზების, მარკეტინგის, სპონსორობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.
„სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ 2018 წლის ივლისში დასრულდება. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის სერტიფიკატი გადაეცემათ, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მონაწილეები პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.
Gff.Ge