“სევილია” ევროპის ლიგის გამარჯვებულია (ვიდეო)
ევროპის ლიგაზე “სევილიას” დომინირება გრძელდება. წლევანდელი გათამაშების ფინალურ მატჩში ანდალუსიურმა გუნდმა “ლივერპული” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
შეხვედრა მაღალ ტემპში განვითარდა, ორივე გუნდი ცდილობდა შეტევას, ბევრი იყო უხეში თამაშიც, მით უფრო პირველ ნახევარში, რომელიც ინგლისელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა. “ლივერპულის” თავდამსხმელმა დანიელ სტარიჯმა ტერფის გარე ნაწილით დაარტყა და “სევილიას” კარში ეფექტური გოლი გაიტანა. პირველი ტაიმი “წითლების” გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარი სულ რამდენიმე წამის დაწყებული იყო, როდესაც ანდალუსიელებმა წონასწორობა აღადგინეს. მერსისაიდელთა უყურადღებობა კარგად გამოიყენეს ესპანელებმა, შეტევის მარჯვენა ფლანგზე მარიანომ იმარჯვა, კარის გასწვრივ კევინ გამეირო მოძებნა და ამ უკანასკნელმაც ახლო მანძილიდან “ლივერპულის” კარის ბადე შეარხია — 1:1. საერთოდაც, მეორე ტაიმი პირველი ნახევრისგან აბსოლუტურად განსხვავებული სცენარით წარიმართა. “სევილიას” ფეხბურთელებმა აქტიური თამაში გააგრძელეს, მერსისაიდელებმა კი აშკარად დათმეს სათამაშო უპირატესობა, მოდუნდნენ და ეს ანგარიშშიც აისახა. შეხვედრის 64-ე წუთზე კოკემ ლამაზი გოლით “სევილია” დააწინაურა. 70-ე წუთზე კი ესპანელებმა უპირატესობა ორბურთიანი გახადეს. გოლი ამჯერადაც კოკემ გაიტანა, რომელიც მეტოქის კართან ყველაზე ახლოს იდგა, თუმცა თამაშგარე არ დაფიქსირდა, ვინაიდან ბურთი “სევილიას” კაპიტანს “ლივერპულის” ფეხბურთელისგან მიუვიდა — 1:3.
დარჩენილ დროში “ლივერპულმა” თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო. ამრიგად, “სევილია” ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ლიგის გამარჯვებული, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. სულ ეს ტიტული გუნდს ხუთჯერ აქვს მოგებული, ეს კი სარეკორდო მაჩვენებელია.
ევროპის ლიგა
ფინალი
“ლივერპული” — “სევილია” 1:3 (1:0)
“ლივერპული”: მინიოლე; კლაინი, კოლო ტურე, ლოვრენი, მორენო, ემრე ჯანი, მილნერი, ლალანა (ალენი 73′), ფირმინო (ორიგი 69′), კოუტინიო, სტარიჯი.
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
“სევილია”: დავიდ სორია, მარიანო, რამი (კოლოძეიჩაკი 78′), კარისუ, ესკუდერო, კრიხოვიაკი, ნძონძი, კოკე, ბანეგა (კრისტოფორო 90+3′), ვიტოლო, გამეირო (იბორა 89′).
მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი.
გოლები: სტარიჯი 35′ — გამეირო 46′, კოკე 64′, 70′.
გაფრთხილებები: ლოვრენი 30′, ორიგი 72′, კლაინი 90+4′ — ვიტოლო 56′, ბანეგა 57′, რამი 77′, მარიანო 84′.
მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი).