“სევილიამ” “რომას” გაკვეთილი ჩაუტარა, ჯერარდი “ლევერკუზენთან” დამარცხდა (ვიდეო)
6 აგვისტოს, თბილისის დროით 20:55 საათზე ევროპა ლიგის ორმა მერვედფინალური ეტაპის შეხვედრამ აიღო სტარტი. “ბაიერ ლევერკუზენმა” 1:3 მოგებული მატჩის შემდეგ შინ სტივენ ჯერარდის “რეინჯერსი” მიიღო. “სევილიასა” და “რომას” შორის საუკეთესო კი ერთმატჩიანმა დაპირისპირებამ გამოავლინა.
“სევილიასა” და “რომას” დაპირისპირებაში საფეხბურთო ექსპერტები თანაბარ ბრძოლას ელოდნენ, თუმცაღა მოლოდინები გაუცრუვდათ. “დალაქები” მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგნენ, რაც შედეგზეც აისახა – რეგილონისა (22′) და ელნესირის (44′) გოლების წყალობით ლოპეტეგის გუნდს “ვულვზი” – “ოლიმპიაკოსის” წყვილს შორის საუკეთესოსთან მოუწევს ბრძოლა.
რაც შეეხება “ლევერკუზენის” მატჩს, გერმანელებმა მშვიდად და სრულად დამსახურებულად მოიგეს მინიმალური ანგარიშით, ისე რომ მეტოქეს კარისკენ მხოლოდ ორჯერ დაარტყმევინეს. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში (51′) დიაბიმ გაიტანა. მეოთხედფინალში “ლევერკუზენის” მეტოქე მილანის “ინტერი” იქნება.
აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური უკვე მოიპოვეს შემდეგმა გუნდებმა: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ინტერი”, “კოპენჰაგენი”, “შახტარი”.