სეზონის 22-ე ორმაგ დუბლამდე ფაჩულიას 1 ქულა დააკლდა
ზაზა ფაჩულიას სეზონის 22-ე ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა, თუმცა მისი შედეგიანობით „დალასმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტეხასურმა გუნდმა „ფინიქს სანსს“ უმასპინძლა და 91:78 დაამარცხა.
დირკ ნოვიცკის არ უთამაშია. ის დალასელთა მწვრთნელმა დაასვენა. ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 36 წუთში 9 ქულა, 15 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო შედეგი დალასელთაგან დერონ უილიამსმა დააფიქსირა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა. 15 ქულით დაასრულა შეხვედრა ჩენდლერ პერსონსმა.
„დალას მავერიკსი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. მიმდინარე სეზონის 50 მატჩიდან ფაჩულიას გუნდმა 28 მოიგო. მომდევნო შეხვედრას ტეხასელები ჯორჯიის შტატში გამართავენ, სადაც 2 თებერვალს ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბ „ატლანტას“ დაუპირისპირდებიან.
GBF.GE