„სეზონის ბოლოს მესი „ბარსელონას“ დატოვებს“
ფიფას აგენტი და ჟურნალისტი ფრანსუა გალიარდო მორიგ სენსაციურ და დაუჯერებელ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, სეზონის ბოლოს ლიონელ მესი „ბარსელონას“ დატოვებს.
„მესიმ სეზონის ბოლოს „ბარსელონადან“ წასვლა გადაწყვიტა. მას უკვე აქვს სიტყვიერი შეთანხმება ერთ-ერთ კლუბთან და თებერვალში ან მარტში აღნიშნული ტრანსფერის განხორციელება დაიგეგმება. სექტემბრის ბოლოს არგენტინელ ფეხბურთელსა და მის აგენტს „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ჰქონდათ. მესის კონტრაქტის პირობების გადახედვა სურდა. მას დაჰპირდნენ, რომ ამ სურვილს შეუსრულებდნენ, თუმცა ერთი თვის შემდეგ უთხრეს, რომ ამას ვერ გააკეთებდნენ. მესი სეზონის ბოლოს „ბარსელონას“ დატოვებს. ის ესპანეთთან ახლოს მდებარე ქვეყანაში გადაინაცვლებს“, – გალიარდომ ეს განცხადება ტელეკომპანია „პუნტო პელოტას“ ეთერში გააკეთა.
გალიარდომ ისიც თქვა, რომ „ბარსელონას“ ახალწვეულ ნეიმარს მესიზე დიდი ხელფასი აქვს (წელიწადში 17 მლნ. ევრო).
ბექა დოგრაშვილი