სეზონის ინტერვიუ ლუკა იმნაძესთან – ახალგაზრდა კაპიტანი საინტერესო წინადადებებით
ფოთის “კოლხეთი” ეროვნული ლიგიდან გავარდა და კოლხები შემდეგი სეზონიდან ლიგა 2-ში ითამაშებენ. გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ლუკა იმნაძე იყო, რომელმაც 5 გოლი და 3 საგოლე პასი გააკეთა და გუნდის შეტევა მის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელი გახლდათ. Fanebi.com-მა იმნაძესთან სეზონის შემაჯამებელი ინტერვიუ ჩაწერა და მომავალ გეგმებზეც ესაუბრა.
სეზონის შეჯამება
“სამწუხაროდ, “კოლხეთმა” გარკვეული მიზეზების გამო ეროვნული ლიგა დატოვა, მიუხედავად ამისა, ეს სეზონი ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. გუნდს უამრავი პრობლემა ჰქონდა, დისკვალიფიკაცია, ქულების დაკლება, სტადიონი, მწვრთნელების ცვლილებები და ამ ყველაფერმა ერთად აღებულმა იმოქმედა დღევანდელ მდგომარეობაზე. “კოლხეთს” ძალიან ბევრი რამ ჰქონდა გამოსასწორებელი, რაც ვერ შევძელით”.
ახალგაზრდა კაპიტანი
“ჩემი ასაკიდან გამომდინარე ცოტათი უხერხულობის გრძნობა გამიჩნდა, ამასთანავე ამ ყველაფერთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობისა და სიამაყის განცდაც, როდესაც ასეთი ისტორიის მქონე გუნდის კაპიტანი ვიყავი”.
ეროვნული ლიგა ბოლო 1 წლის განმავლობაში
ვფიქრობ, ამ დროის განმავლობაში ეროვნული ლიგა საგრძნობლად განვითარდა, მოიმატა ფეხბურთელების სათამაშო დონემ და ჩემპიონატი უფრო ყურებადი გახადა მატჩების პირდაპირი ეთერით გაშუქებებმა.
ახალი წინადადებები
ამ ეტაპისთვის მაქვს შემოთავაზებები რამდენიმე ქართული გუნდიდან, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილია არ მიმიღია თუ სად გავაგრძელებ კარიერას. მათ შორის, ეროვნული ლიგის ლიდერებიდანაც, თუმცა ჯერ თავს ვიკავებ დასახელებისგან.