შალანდი: “ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მატჩს წავაგებდით”

თარიღი: ოქტომბერი 13, 2021

კოსოვოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდმა საქართველოს ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველომ კოსოვო პრიშტინაში 2:1 დაამარცხა და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

“შედეგით იმედგაცრუებული ვარ, ეს მატჩი არ უნდა წაგვეგო. კარგად ვითამაშეთ, ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. მეორე ტაიმში მეტოქეს ვჯობდით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ შეხვედრაში დავმარცხდებოდით, თუმცა ეს უნდა მივიღოთ. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. გუნდმა მცდელობა არ დააკლო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჩემთვის ცხრილში დაკავებული ადგილი პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ძალიან რთულ ჯგუფში ვართ. შეგვეძლო, ახლა მეტი ქულა გვქონოდა. მე მთავარი მწვრთნელი ვარ და ვიცი, რომ ასეთ დროს შედეგია საჭირო, რომელიც არ გვაქვს. მომდევნო დღეებში ფედერაცია ჩემთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა შვეიცარიელმა სპეციალისტმა.



მსგავსი სიახლეები