შალვა მამუკაშვილი: ტონგელთა დამარცხება საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უდიდესი მოვლენაა
საქართველოსა და ტონგას მატჩის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი საუბრები იქნება. ცხადია, ასეთი ისტორიული გამარჯვება ყველას ახარებს, მათ შორის შალვა მამუკაშვილსაც.
– 80 წუთის განმავლობაში კონცენტრირებულები ვიყავით და თამაში ამან მოგვაგებინა. ჩვენი მიზანი დაცვაში მინიმალური ჯარიმების აღება იყო, ნაკლები ადამიანის დაშავება და ეს გამოგვივდა. ამ თამაშისთვის წლებია ვემზადებით და ამიტომაც გავიმარჯვეთ. ძალიან მაგარი გრძნობაა, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ეს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტია. ჩვენი ქვეყნის ისტორიას ვქმნით და საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ეს უდიდესი მოვლენაა. ძალიან რთული იყო მატჩის ბოლო წუთებში ტონგელების შეჩერება, მაგრამ ვიცოდით, რომ ჩვენს უკან მთელი საქართველო იდგა და ამით გამარჯვების მოპოვება შევძელით. ქართველი გულშემატკივრები მე–16 „ბორჯღალოსნები“ იყვნენ და ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერა იყო. ამას მთლიანად საქართველოდანაც ვგრძნობდით, და, რა თქმა უნდა, სტადიონიდან განსაკუთრებით, – განაცხადა მამუკაშვილმა.