შირერს ნიუკასლში ძეგლს დაუდგამენ
ინგლისელმა ბიზნესმენმა და “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილმა თავმჯდომარემ ფრედი შეპარდმა განაცხადა, რომ კლუბი საუკეთესო ბომბარდირ ალან შირერს ქალაქში ძეგლს დაუდგამს.
“მოქანდაკე ტომ მეილი დავიქირავეთ. შირერი “ნიუკასლის” ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელია. აი, ამიტომ გადავწყვიტეთ მისთვის ძეგლის დადგმა. მან უნდა მიიღოს ქალაქის აღიარება. ჩვენ ვთვლით, რომ ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.
მრავალი განცხადება მივიღეთ იმის შესახებ, თუ სად უნდა დაიდგას სკულპტურა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ჯერ ძეგლი დამზადდება, შემდეგ კი შესაფერის ადგილს მოვძებნით”, – შეპარდის სიტყვები “გარდიანმა” გამოაქვეყნა.
ფრედი შეპარდმა ისიც განაცხადა, რომ შირერის ძეგლის დამზადებას დააფინანსებს.
შეგახსენებთ, რომ ალან შირერი “ნიუკასლის” ღირსებას 1996-დან 2006 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 206 გოლი გაიტანა. შირერის სანაცვლოდ “კაჭკაჭებმა” იმ დროს რეკორდული თანხა 15 მილიონი ფუნტი გაიღეს.