შეკრებებიდან ‘სენდი პარკამდე’
მსოფლიო თასზე მეოთხედფინალები მიილია. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად მომავალ შაბათსა და კვირას ოთხი სამხრეთული გუნდი – ახ. ზელანდია, სამხ. აფრიკა, ავსტრალია და არგენტინა შეერკინებიან.
ბევრი სპეციალისტი, ჟურნალისტი თუ ბლოგერი საუბრობდა იმაზე, თუ რაოდენ გამორჩეული იყო ეს ტურნირი წინამორბეთთაგან. განსაკუთრებით იმას აღნიშნავდნენ, რომ წლევანდელი მსოფლიო თასი მეორე დონის ქვეყნების საგრძნობლად გაუმჯობესებული თამაშით დაამახსოვრდება ქომაგს. ამ მხრივ უპირობო ლიდერია იაპონია – ალუბლებმა პირველივე ტურში ქურციკების დამარცხებით დიდი სენსაცია გამოაცხვეს. იაპონიის შემდეგ კი, ყველა ბორჯღალოსნებზე საუბრობდა. სარაგბო მსოფლიოს ჩვენმა ბიჭებმა ნამდვილად განსაკუთრებულად დაამახსოვრეს თავი. ტონგას დამარცხება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ვინაიდან ზღვის არწივები ტურნირამდე აღნიშნავდნენ, რომ მათ ამბიციას ჯგუფური ეტაპიდან გასვლა წარმოადგენდა. იყო თავდადებული თამაში არგენტინასთან და ახალ ზელანდიასთან და დაგეგმილი, მაგრამ დიდი ოფლითა და გარჯით მოპოვებული გამარჯვება ნამიბიასთან.
მიზანი მიღწეულია – 2019 წლის მსოფლიო თასზე გავედით და მომდევნო ოთხი წელი განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის წინ გვაქვს.
მილთონ ჰეიგი მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების თამაშის შესახებ:
„ტონგასთან გამარჯვების ერთი რაიმე მიზეზი არ არსებობს. წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველი ის იყო, რომ მზადების ეტაპი სწორად დავგეგმეთ და ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ფიზიკურად გუნდი შესანიშნავად იყო მომზადებული. ამან საშუალება მოგვცა, რომ დაცვაში ისე გვეთამაშა, როგორც ვითამაშეთ. ერთი სიტყვით, დაცვაში თითქმის უშეცდომო თამაშმა მოგვაგებინა.
„მეორე მიზეზი ისაა, რომ ტონგამ სათანადოდ არ შეგვაფასა. მატჩის მერე რამდენიმე ტონგელ მორაგბეს ვესაუბრე, რომლებმაც მითხრეს, რომ მზერა ‘სხვა’ გუნდებისკენ უფრო ჰქონდათ მიპყრობილი. ეს სამართლიანი ანალიზია. მოსამზადებელ პერიოდში სამი თამაში გავმართეთ. თამაშის ხარისხს კი ვაუმჯობესებდით, მაგრამ არცერთი თამაში არ მოგვიგია. ამასთან ერთად, ნოემბრის ტესტებზე ჩვენთან მოგებული ჰქონდათ და, ალბათ, იფიქრეს, რომ ჩვენი გუნდი არაფრის მაქნისია. რაც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გეგმის ნაწილი იყო.
„მოდით ვთქვათ, მოსამზადებელ ეტაპზე მთელი ძალით რომ გვეთამაშა და მოგვეგო, მთელი ჩვენი შესაძლებლობები რომ წარმოგვეჩინა, მაშინ ტონგა ხომ უფრო სხვანაირად მოგვიდგებოდა. იმის თქმა არ მინდა, რომ ის თამაშები ძალით წავაგეთ და მოგება არ გვინდოდა. უბრალოდ, მაშინ ყურადღებას თამაშის ხარისხის ზრდას ვაქცევდით და ყველას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მთავარი მატჩი ტონგასთან გვქონდა, რომელთან მოგებაც მომდევნო მსოფლიოს თასის საგზურის დაბევებასთან გვაახლოვებდა. ტონგას მიზნად კი სულ სხვა რამ ჰქონდა დასახული.
ტონგას დამარცხების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლებელია არგენტინის ნაკრების დამარცხებაც…
„დიახ, იყო ასეთი განწყობა. თუ ყველაფერი კარგად აეწყობოდა, რატომაც არა. სავსებით შესაძლებელი იყო და პირველი ტაიმი ამის დასტურად გამოდგება. მეტოქე წნეხის ქვეშ რამდენჯერმე მოვაქციეთ. ყველაფერი მამუკა გორგოძის გასინბინებამ გადაწყვიტა. ათ წუთში 21 ქულა მივიღეთ. გუნდს იმედი დაეკარგა.
„სხვა კუთხით რომ შევხედოთ, შესაძლოა, იგივე 15 მორაგბის ძირითად შემადგენლობაში დაყენება, ვინც ექვსი დღის წინათ ტონგასთან უმძიმესი მატჩი გადაიტანა, შეცდომა იყო. მოთამაშეთა ნაწილის დასვენებაზე, თამაშის წინ, ცხადია, ვფიქრობდით, მაგრამ გადავწყვიტეთ, იმ მოთამაშეებისთვის, რომლებმაც ტონგასთან შესანიშნავად ითამაშეს, კიდევ ერთხელ მიგვეცა შანსი. ასე რომ არ გვექნა და მაინც წაგვეგო, მაშინ ვიფიქრებდით, რომ მოგებული შემადგენლობა არ უნდა შეგვეცვალა.
მომდევნო თამაში ზელანდიასთან გვქონდა. პალნეტის უძლიერეს გუნდთან თამაში ბევრისთვის ოცნება და დიდი პატივია. როგორ ფიქრობთ, ‘ოლ ბლექსთან’ ჩვენმა გუნდმა სრულად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები?
„ოლ ბლექსთან თამაშისთვის მზადებისას მთავარი იყო არ დაგვევიწყებინა ნამიბიის ნაკრებთან მატჩი. ახალ ზელანდიასთან ასპარეზობა ჩვენთვის მთავარი არ იყო, მთავარი ნამიბიასთან გამარჯვება გახლდათ. თუმცა, ცხადია, ისიც გათვალისწინებული გვქონდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით და თავი არ შევირცხვინეთ. ეს ქართული რაგბისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. მთელს მსოფლიოს ვანახეთ, რომ 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა სერიოზული პროგრესი განიცადა.
„ჩემთვის მთავარი მაინც ის იყო, თვითონ ახალზელანდიელმა მორაგბეებმა, მწვრთნელებმა და მენეჯმენტმა რა შეფასება მისცა ჩვენს თამაშს. მაგალითად: ქიარან რიდმა მითხრა – ძალიან ‘ჯიგარი’, ‘მჩეჩქვავი’ ბიჭები გყავსო. მან ჩვენი მორაგბეების გულიანი თამაში და თავდადება სათანადოდ შეაფასა. იგივე შემიძლია ვთქვა ‘ოლ ბლექსის’ მენეჯმენტსა და მწვრთნელებზე.
„როდესაც ახალზელანდიურ ‘სქაი თივის’ ინტერვიუს ვაძლევდი, ვთქვი: ჩვენი მიზანი იყო, თავდადებული თამაშით ჩვენი ქვეყანა წარმოგვეჩინა და ახალ ზელანდიასთან მატჩის შემდეგ მთელს მსოფლიოში უამრავი ქომაგი გავიჩინეთ მეთქი. ჟურნალისტი მყისვე დამეთანხა. ნამდვილად ეგრეაო. ჩემთვის ეს მთავარი იყო.
ნამიბიასთან თითქოს ძალიან არ უნდა გაგვჭირვებოდა, მაგრამ…
„ყველას ისეთი განწყობა გვქონდა, რომ ნამიბიას აუცილებლად მოვუგებდით, ოღონდ თუ ჩვენს თამაშს თავს მოვახვევდით. ხელი იმან შეგვიშალა, რომ ყველა ისე საბრძოლო განწყობით არ ვიყავით, როგორც ტონგასთან. ეტყობა, ბიჭებმა სათანადოდ არ შეაფასეს მეტოქე. რაც მე შევატყვე, ხანდახან ასე ხდება, ძლიერ გუნდებთან ქართველი მორაგბეები მაქსიმალურად მობილიზებულნი ხდებიან და დიდი საბრძოლო განწყობა აქვთ. თავისზე სუსტებთან კი ის სადღაც ქრება. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ხანდახან და არა ყოველთვის.
„როგორი საქმეა ტაიმი დამთავრდა და 0:6 ვაგებდით. ლელოში სამჯერ შევედით და არცერთხელ ჩაგვითვალეს. მეტოქის ხაზი ცხრაჯერ გავჭერით, მაგრამ ბოლო პასი… შეტევის ბოლო ფაზაში რაღაც არ გამოგვდიოდა… ეტყობა ძალიან ვჩქარობდით. ალბათ მოუთმენლობის გამო იქ სადაც ბურთის შენარჩუნება იყო საჭირო, ვიშორებდით.
„მეორე ტაიმის დასაწყისში ეს ყველაფერი დალაგდა და ორი ლელო დავდეთ, მერე საჯარიმოც ზედ მივაყოლეთ და 11 ქულით დავწინაურდით. ამის შემდეგ, ისევ ბურთის მოშორებაზე დავიწყეთ თამაში, რასაც შედომებიც მოჰყვა. ერთი სიტყვით საქმე გავირთულეთ.
„თუმცა, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზეც ავღნიშნე და აქაც ვიტყვი, რომ როდესაც ისტორიას ქმნი, მნიშვნელობა არ აქვს, ერთი ქულით მოიგებ თუ ასით.
როგორც წესი მწვრთნელები ერიდებიან ხოლმე ვინმეს გამოყოფას, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, ვინ იყო თქვენი გადმოსახედიდან ჩვენს გუნდში გამორჩეული?
„იმ ოთხთვიან მოსამზადებელ პერიოდს თუ გავიხსენებ, ყველამ ერთად ისე იმუშავა, რომ როგორც მწვრთნელი, მათ მეტს ვეღარაფერს მოვთხოვდი. უშუალოდ მსოფლიოს თასზე კი გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე განუმეორებელი იყო. ის ლიდერია როგორც მოედანზე ისე მის მიღმა. ის დიდი კაცი და მორაგბეა.
მინდა გამოვყო ასევე, 18 წლის ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე, რომელიც უდიდეს სარაგბო სცენაზე ისე ირჯებოდა, როგორც კარგი გამოცდილი ვეტერანი. მშვენივრად ითამაშა მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ. თავი გამოიჩინა და ამიერიდან ჩვენც გვექნება იმედი და მასაც, რომ მაღალი დონის რაგბის თამაშს შეძლებს.
„გაიხსნა და თავის თავი იპოვა თამაზ მჭედლიძემ. მან ამ მსოფლიოზე სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა. მიხვდა, რომ დიდი და ძლიერია. ‘ოლ ბლექსთან’ შუამარბად ვათამაშეთ და საკუთარ თავს დაანახა რომ ძალიან კარგად თამაში შეუძლია.
„ერთი სიტყვით, მორკინალებს და უკანახაზელებს, ყველას, 31-ივე მორაგბეს ყველაფერი უნდა გაეღოთ საიმისოდ რომ წარმატებისთვის მიგვეღწია. ასეც, მოხდა. წარმატება იმიტომ მოვიდა, რომ ყველა 100 პროცენტით გაიხარჯა.
მსოფლიო თასის ბოლო მატჩის შემდეგ სანაკრებო კარიერა შეწყვიტა შერკინების ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა. თვითონ თქვა, რომ მისი შემცვლელები ნაკრებში არიან…
„მისი გამოცდილების მოთამაშე ამ პოზიციაზე ნაკრებში არ გვყავს. შერკინებაში დგომა ბევრს შეუძლია, ღია თამაშში კი მისნაირი არავინაა. ის ამ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა! ამდენად, მისი წასვლა ჩვენთვის დიდი დანაკლისია. მისი შეცვლა ძალიან გაგვიჭირდება.
„ამ პოზიციაზე კარგი მოთამაშეები გვყავს. ლევან ჩილაჩავა, დავით ქუბრიაშვილი… არიან ახალგაზრდა მოთამაშეებიც. მათ მომავალ მატჩებში გამოვცდით და, ვეცდებით, კონკურენცია გავზარდოთ.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
„ჩემი კონტრაქტი წლის ბოლოს მთავრდება. ჩემი და ჩემის ოჯახის სურვილი საქართველოში დარჩენაა. ცხადია, სხვა წინადადებებიც მაქვს, მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში აქ ისეთი შრომა გავწიე, რომ არ მინდა ყოველივე ამის დატოვება. ჩემი ოჯახი კარგად მოერგო აქაურობას. საქართველოს სახლს ვეძახით. თავს ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობთ.
„გადაწყვეტილებას რაგბის კავშირის გამგეობა მიიღებს. მე კი, იმედი მაქვს, რომ კიდევ ოთხი წლის განმავლობაში მექნება მუშაობის შესაძლებლობა.“
Rugby.GE