“შენ ხარ ჯერ ადამიანი და შემდეგ ფეხბურთელი” – ვარშანიძე ლატვიაში წავიდა
საფეხბურთო კლუბ “თელავის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ბექა ვარშანიძე კარიერას ლატვიაში, კერძოდ კი, ამ ქვეყნის ერთ-ერთ ტიტულიან კლუბში, “ვენტსპილსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას “თელავის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
“სკ “თელავის” სახელით, უღრმესი მადლობა ბექა ყველაფრისთვის, რასაც და როგორაც შენ ჩვენი გუნდის საკეთილდღეოდ აკეთებდი: მადლობა თავდადებისთვის და პროფესიონალიზმისთვის – შენ ჯერ საუკეთესო თვისებებით დაჯილდოვებული პიროვნება, ადამიანი ხარ და მერე ფეხბურთელი“, – წერია “თელავის” განცხადებაში.
ვარშანიძეს კარიერის დიდი ნაწილი ბათუმის “დინამოში” აქვს გატარებული, შემდეგ იყო “შევარდენი” და ბოლოს “თელავი”, რომელთან ერთადაც ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა.
“ვენტსპილსი” ლატვიის 6-გზის ჩემპიონი გუნდია, ქვეყნის თასი კი 7-ჯერ აქვს მოგებული – “ვენტსპილსში” “თელავის” კიდევ ერთი ფეხბურთელი, გიორგი ერისთავი თამაშობს.