“შენ შავი ხარ?” – მარტვილელი ფელიპე პაიმი ქართულ ფეხბურთის რასიზმზე ალაპარაკდა
მარტვილის “მერანის” 23 წლის თავდამსხმელი ფელიპე პაიმი ბრაზილიურ სპორტულ საიტთან საქართველოში, კერძოდ მარტვილში, რასიზმის პრობლემებზე ალაპარაკდა.
“შენ შავი ხარ? თუ ასეა, მაშინ გამიგებ” – პაიმი ჟურნალისტებთან საუბარს იწყებს.
ბრაზილიელი 2018 წლიდან ეროვნულ ლიგაში თამაშობს. ჯერ გორის “დილაში” გამოდიოდა, შემდეგ იჯარით “შევარდენში”, ახლა მარტვილის “მერანში”. საინტერესოა, რომ ის რასიზმის ეპიზოდებს მხოლოდ მარტვილის, ქალაქის მაგალითიდან აღწერს და არაფერს ამბობს, გორის თუ თბილისის შემთხვევებზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ პრაქტიკულად მარტვილში მხოლოდ რამდენიმე შავკანიანია და მათ შორის, ერთ-ერთი პაიმია.
პაიმი კამერუნელ მეკარესთან და მალელ თავდამსხმელთან ერთად ცხოვრობს. მათ შორის, “მერანის” პირველ გოლკიპერთან, ანდრე ნონოსთან ერთად.
ფელიპე იხსენებს მომენტს, როდესაც ის მაღაზიაში თავის რიგს ელოდებოდა, როცა ერთ-ერთ მყიდველს რაღაცის აღება დაავიწყდა, როცა დაბრუნდა, ის დაინახა და მის გვერდით დადგომა აღარ მოისურვა.
“როცა ჩამოვედი, ვიცოდი, რომ მსგავს სიტუაციებში მოვხვდებოდი. სამწუხაროდ მსგავსი შემთხვევები ყველა შავკანიან ადამიანს მოსდის, ბრაზილიაშიც კი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რასისტული ქვეყანაა მსოფლიოში. თუმცა ის სცენები, რაც აქ ვნახე, არასდროს მინახავს და გამომიცდია.”
ყველაფერი მარტიდან გაუარესდა, როცა კოვიდ-19-ის პანდემია დაიწყო. ფელიპე ამბობს, რომ როცა მარკეტში შედიოდა, ხალხის თვალებში შიშს ხედავდა და ყველა თავს არიდებდა.
მარტვილის “მერანის” დირექტორმა სთხოვა, რომ სახლი არ დაეტოვებინა და ყველაფერს მიუტანდა, რაც დაჭირდებოდა, თუმცა მას, როგორც აღნიშნავს, სახლში გაჩერება მთელი დღით არ შეეძლო და რამდენიმე წუთით სასეირნოდ გადიოდა. ბოლოს საერთოდ აღარ გადიოდა მარკეტში და დამხმარე ქალი დაეხმარა ამ საკითხშიც, ვინც სახლს ულაგებდა.
“ყოველ ჯერზე, როცა მარკეტში შევდივარ, ორი კონსულტანტი უკან დამყვება, ყოველთვის. ერთხელ მექსიკელ თანაგუნდელთან ერთად ექსპერიმენტი ჩავატარე. ჯერ ის შევიდა და არაფერი მომხდარა. მერე მე შევედი და რა თქმა უნდა, ისევ 2 ადამიანი გამომყვა უკან.”
“მე აქ ჩამოვედი, რადგან ეს ჩემი კარიერისთვის უკეთესი იყო. ვიცი, რომ პოტენციალი მაქვს და რაღაც უკეთესი აუცილებლად გამოჩნდება”
ბრაზილიელი იხსენებს ერთ-ერთ შემთხვევას, როცა “შევარდენში” თამაშისას ფანმა ინგლისურად მიმართა: “დაბრუნდი შენ ქვეყანაში, მაიმუნო”.
ვარჯიშის დროს მან რამდენიმე ქართული სიტყვაც ისწავლა, განსაკუთრებით გინებები და უკვე იცის, როგორ დაიცვას თავი. პაიმი ამბობს, რომ თანაგუნდელებს რასისტული შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებიათ.
“როცა თამაში დავიწყე, ისინი მიყვიროდნენ და მაგინებდნენ, მე კი არ ვიცოდი რა ხდებოდა. როცა პასუხის გაცემა დავიწყე და მათზე ხმამაღლა საუბარი, სიტუაცია შეიცვალა. მე ეს ყველაფერი ჩემ აფრიკელ მეგობრებსაც ვასწავლე”
ერთადერთი გამოკვეთილ რასისტული ქცევას სწორედ ზემოთხსენებულ შემთხვევას იხსენებს, თუმცა აღიარებს, რომ ბევრი რამ ხმადაბლა ხდება.
“მოწინააღმდეგე ფეხბურთელები პატივს მცემენ, მაგრამ… უბრალოდ, რთულია ასახსნელად. შენ ამჩნევ რაღაცას მათ თვალებში. ხალხი მარტვილში ჩერდება და თავიდან ბოლომდე მათვალიერებენ, ყოველთვის. ამიტომაც არ დავდივარ მარკეტში არასდროს. მე ვიყვირებ, ხმას ამოვიღებ და ეს უარესი იქნება. რა შემიძლია? ისინი უბრალოდ რასისტები არიან”, – განაცხადა პაიმმა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბრაზილიელი მინიმუმ დეკემბრის ბოლომდე საქართველოში დარჩენას აპირებს.