შენგელიას MVP-ის ტიტული და პირველი გამარჯვება ევროლიგის ტოპ-16-ში
ევროლიგაში „ქართული დერბი“ შედგა. თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ“ ლევან ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდს“ უმასპინძლა და ეს შეხვედრა ორივე ქართველისთვის გამორჩეული იყო. შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ფაცაციას კი ევროლიგაში პირადსარეკორდოდ მეტ ხანს მოუწია მოედანზე ყოფნამ.
შეხვედრა შენგელიას გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში – 81:74 მოიგო, რომლისთვისაც ეს ტოპ-16-ში პირველი გამარჯვებაა. ესპანური გუნდის წარმატების სულისჩამდგმელი ქართველი ფორვარდი გახლდათ, რომელსაც ლაბორალელთაგან ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა.
შენგელიამ სასტარტო ხუთეულში, მთლიანობაში 27:21 წუთი ითამაშა. მასპინძელთაგან მასზე მეტ ხანს მოედანზე მხოლოდ ფაბიენ კასერი (28:26 წუთი) იმყოფებოდა. შენგელიამ 7-დან 2 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ქართველ ფორვარდს მთლიანობაში 12 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაუგროვდა, ბურთი კი 1-ჯერ დაკარგა.
თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 შეადგინა და ამ მხრივ მის შემდეგ მასპინძელთაგან მაიკ ჯეიმსი მოდის, რომელმაც 18 ერთეული კოეფიციენტი 14 ქულით, 5 მოხსნით და 2 პასით შეაგროვა. ორმაგი დუბლი (10 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა კოლტონ აივერსონმა, ნოვგოოდელთაგან კი 24 ქულით საუკეთესო ტეილორ როჩესტი გახდა.
ფაცაცია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 17:57 წუთი გაატარა, რაც ევროლიგაში მისთვის საუკეთესო შედეგია. სამწუხაროდ, ფაცაცია სტატისტიკით დიდად ვერ გამოირჩა – 1 სამიანი ააცილა და მოედანი 2 მოხსნით დატოვა.
ორივე გუნდს თითო მოგება და 2 მარცხი აქვს და ჯგუფში V-VI ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 23 იანვარს პირეოსში, „ოლიმპიაკოსთან“ ჩაატარებს. ხოლო „ნიჟნი ნოვგოროდი“ ამავე დღეს სტამბოლის „ეფესს“ უმასპინძლებს.
gbf.ge