შექსპირის წარმატების საიდუმლო — რა შეცვალა ინგლისელმა მწვრთნელმა “ლესტერში”?
“სანის” ექსპერტმა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა დენი ჰიგინბოტამმა კრეიგ შექსპირის მიერ დამოძღვრილი “ლესტერ სიტის” წარმატებული ასპარეზობის მიზეზს მიაკვლია.
შექსპირმა გუნდის დაცვითი ხაზი შედარებით უკან დახია, რაც, ექსპერტის აზრით, დადებითი შედეგების წინაპირობა გახდა. ასეთი განლაგების პირობებში დენი დრინქუოთერი და ჯეიმი ვარდი თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში, კონტრშეტევებიც უფრო სახიფათო და ეფექტიანი გახდა.
კლაუდიო რანიერის თავკაცობის ბოლო პერიოდში “ლესტერის” ცენტრალური მცველები საკუთარ საჯარიმო მოედანს გაცილებით გრძელ დისტანციაზე შორდებოდნენ, რაც მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევების წარმატებით დასრულების ალბათობას უზრდიდა. მაგალითად, ასე მოხდა 24-ე ტურში, როდესაც “ლესტერის” მცველები მოედნის ცენტრთან იყვნენ განლაგებულნი, რითაც ისარგებლა ჰენრიხ მხითარიანმა, სპრინტერული გარბენით იოლად გაარღვია დაცვის ხაზი და გოლიც გაიტანა.
შექსპირის თავკაცობის პირობებში დაცვის ხაზი უკან არის დახეული და გუნდი არც სათამაშო უპირატესობას ფლობს, მაგრამ სწორედ ასეთი ტაქტიკით აღწევს “ლესტერი” წარმატებას. გუნდმა ინგლისელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში ხუთი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ “სანდერლენდთან” გამართულ შეხვედრაში მოახერხა ბურთზე უკეთესი კონტროლის დაწესება (54%). მიუხედავად ამისა, “ლესტერმა” ხუთივე მატჩი გამარჯვებით დაასრულა, გაიტანა 13 და მიიღო მხოლოდ ოთხი ბურთი. გუნდი დაუბრუნდა თამაშს, რომელიც დიდ მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ შედეგმა არ დააყოვნა. “მელიებმა” სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გამოასწორეს და ფეხბურთელებიც თავს გაცილებით კარგად გრძნობენ.
რატომ ვერ ხედავდა რანიერი ამ დეტალს? შესაძლოა, გაჩემპიონებით გამოწვეულმა სიამაყემ მას უფრო თამამად თამაშისკენ უბიძგა, რამაც მოქმედი ჩემპიონი კინაღამ გასავარდნი ზონის ბინადრად აქცია.