შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში აღარ ჩატარდეს
ESPN-ის ცნობით, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლის სეზონის ფინალური მატჩი თურქეთის ქალაქ სტამბოლში, სავარაუდოდ, აღარ ჩატარდება. როგორც მოგეხსენებათ, ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ორი ინგლისური გუნდი – ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდება.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ თურქეთი “წითელ სიაში” შეიტანა და ამ ქვეყნიდან დაბრუნებულ ნებისმიერ პირს (მათ შორის ფეხბურთელებს) ათდღიანი საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწევს, თურქეთმა კი კორონავირუსის ინფიცირების მკვეთრი ზრდის გამო სრული ლოქდაუნი გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება უეფასთან გათამაშების ფინალური მატჩის მასპინძელი ქალაქის შეცვლის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.
ბირმინგემის “ასტონ ვილამ” ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის მასპინძელ სტადიონად უეფას საკუთარი არენა “ვილა პარკი” შესთავაზა.