შესაძლოა, ერიქსენმა ვეღარ ითამაშოს
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დანიისა და ფინეთის ნაკრებთა შორის გამართული მატჩის (0:1) მიმდინარეობისას მომხდარი ფაქტის გამო კრისტიან ერიქსენის სამომავლო კარიერის ეჭვქვეშ დადგა. შესაძლოა, 29 წლის ფეხბურთელმა პროფესიონალურ დონეზე ვეღარ ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს ერიქსენი მოედანზე უგონოდ დაეცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ექიმებს მინდორზე ფეხბურთელისთვის რამდენიმე წუთის განმავლობაში გულის მასაჟის გაკეთება მოუწიათ. მომხდარის შესახებ დანიის ნაკრების ექიმი მორტენ ბოესენი საუბრობს.
“როდესაც კრისტიანმა გონება დაკარგა, მოედანზე გვიხმეს. ის მხარზე იწვა. როდესაც მივუახლოვდით, სუნთქავდა და პულსიც ჰქონდა, მაგრამ სურათი შეიცვალა და სიცოცხლის გადასარჩენად გულის მასაჟის გაკეთება დაგვჭირდა. სტადიონის ექიმისგან სწრაფი დახმარება მივიღეთ და კრისტიანი მოვასულიერეთ”, – ციტირებს ბოესენის სიტყვებს “ფოქსნიუსი”.
ლონდონის წმინდა გიორგის უნივერსიტეტის სპორტული კარდიოლოგიის პროფესორი სანჯაი შარმა ეჭვობს, ერიქსენმა კარიერის გაგრძელება შეძლოს.
“აშკარაა, რაღაც ძალიან ცუდი მოხდა, მაგრამ ექიმებმა შეძლეს და ერიქსენი მოახულიერეს. რა მოხდა და რატომ მოხდა? ამ ბიჭს 2019 წლამდე ნორმალური ანალიზები ჰქონდა და როგორ ავხსნათ გულის გაჩერება?
მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის გონზეა. ეს დამაიმედებელი ინფორმაციაა. არ ვიცი, რამდენად შეძლებს ის კვლავ თამაშს.
პირდაპირ რომ გითხრათ, ის მოკვდა. მართალია, რამდენიმე წუთით, მაგრამ ის მოკვდა და როგორ ფიქრობთ, ექიმები მას კიდევ მისცემენ სიკვდილის საშუალებას? რა თქმა უნდა, არა.
კარგი ამბავია, რომ ის ცოცხალია, მაგრამ ცუდია, რომ კარიერის დასრულებას მიუახლოვდა. ვერ გეტყვით, შეძლებს თუ არა ერიქსენი პროფესიონალურ დონეზე კვლავ თამაშს. დიდ ბრიტანეთში თამაშის უფლებას აღარ მისცემდნენ. აქ საკითხს საკმაოდ მკაცრად მივუდგებოდით”, – ციტირებს ექიმ შარმას სიტყვებს “ფოქსსპორტი”.