შესაძლოა, ხვიჩას “ნაპოლიში” სხვა მთავარი მწვრთნელი დახვდეს
იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ “ნაპოლის” ბოლოდროინდელი წარუმატებელი შედეგების გამო კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთან უთანხმოება აქვს.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლიმ” სერია A-ს უკანასკნელ სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, რითაც საჩემპიონო შანსი თითქმის დაკარგა, ხოლო მეოთხე ადგილზე მყოფ “იუვენტუსთან” სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა.
63 წლის სპეციალისტს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა დე ლაურენტისი გუნდიდან მწვრთნელების გაშვებას არ ერიდება და არაა გამორიცხული, მიმდინარე სეზონის ბოლოს სპალეტის კარისკენ მიუთითოს.
წყაროს თანახმად, “ნაპოლის” ხელმძღვანელი გუნდის თავკაცის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, რომელთა შორის არის ბერგამოს “ატალანატას” მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი.
ამ უკანასკნელს წარსულში ორჯერ შეეძლო “ნაპოლის” ჩაბარება, თუმცა ორივე შემთხვევაში კლუბმა არჩევანი სხვა მწვრთნელზე შეაჩერა.