შესაძლოა, ლუის სუარესი პრემიერლიგაში დაბრუნდეს
მიმდინარე წლის 30 ივნისს მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდ ლუის სუარესს გუნდთან კონტრაქტი ამოწურება. ურუგვაელი ფეხბურთელის დასამატებლად რამდენიმე კლუბმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი.
იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ სუარესის დამატებით დაინტერესებულია ბირმინგემის “ასტონ ვილა”, რომელსაც დღესდღეობით ურუგვაელი თავდამსხმელის ყოფილი თანაგუნდელი სტივენ ჯერარდი თავკაცობს. გარდა ამისა, სუარესის დაბრუნების ინტერესი გამოთქვა ამსტერდამის “აიაქსმა”, რომლის ღირსებასაც 35 წლის ფეხბურთელი 2007-2011 წლებში იცავდა. წყაროს თანახმად, სუარესის დამატება MLS-ისა და ბრაზილიის ოთხ კლუბსაც სურს.
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი “ატლეტიკოში” 2020 წელს “ბარსელონადან” გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.