შესაძლოა, ვერატიმ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს
“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ მარჯვენა მუხლის მყესი დაიშავა და მისთვის მიმდინარე საკლუბო სეზონი დასრულებულია. 28 წლის ფეხბურთელის თამაში ევროპის ჩემპიონატზეც საეჭვოა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 4-6 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
ვერატის მდგომარეობის შესახებ პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.
“ვერატი და თითოეული ჩვენგანი ძალზედ იმედგაცრუებულნი ვართ. სეზონის დარჩენილ ნაწილსა და ჩასატარებელ გადამწყვეტ მატჩებში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა. მარკო მაქსიმალურად მოკლე დროში გამოჯანმრთელებაზე ფიქრობს. იმედია, ის დროულად მომჯობინდება და ევრო-2020-ზე ითამაშებს”, – ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს BeIn Sports-ი.
მარკო ვერატიმ დიდ ტურნირზე უკანასკნელად 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. მან ევრო-2016 ტრავმის გამო გამოტოვა, 2018 წლის მუნდიალზე კი იტალიის ნაკრებს მონაწილეობა არ მიუღია. ის ეროვნული გუნდის ღირსებას 2012 წლიდან იცავს. ვერატის “სკუადრა აძურას” რიგებში ჩატარებულ 40 მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი.
ევრო-2020-ის გახსნითი შეხვედრა 11 ივნისს, რომის “სტადიო ოლიმპიკოზე” შედგება, სადაც იტალიის ეროვნული გუნდი თურქეთის ნაკრებს მიიღებს. მათ გარდა A ჯგუფში შვეიცარიისა და უელსის ნაკრებები ითამაშებენ.