“შევარდენი” გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
ეროვნული ლიგა 2-ის გასული წლის მე-6 ადგილოსანი საფეხბურთო გუნდი “შევარდენი 1906” საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა.
“კლუბში აზიელი ინვესტორების შემოსვლა ჩაიშალა. შედეგად მათ მიერ ჩამოყვანილმა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ბულატოვმა და ფეხბურთელებმა გუნდი დატოვეს. მიმდინარე სეზონში იუნკერებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და შევარდენის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ნემსაძე უხელმძღვანელებს”, – აღნიშნულია “შევარდენის” ოფიციალურ განცხადებაში.
გამორჩეული საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ნემსაძე “დინამო თბილისის” სპორტული დირექტორის პოსტზე დაინიშნა. სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში კი ჯერ საქართველოს 17 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.
ჩემპიონატის პირველ მატჩს გუნდი “ცხინვალის” წინააღმდეგ მართავს.