შევჩენკო პოლონეთის ნაკრებს ვერ ჩაიბარებს
ანდრეი შევჩენკო პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს სათავეში ვერ ჩაუდგება.
როგორც უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი წერს, შევჩენკომ “ჯენოასთან” შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი სპეციალისტი იტალიური გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი ძალაში რჩება. დოკუმენტს ვადა 2022 წლის 15 ივნისის ჩათვლით აქვს.
ამრიგად, პოლონეთის ფეხბურთის კავშირს კანდიდატურის შერჩევა ადგილობრივი სპეციალისტებიდან მოუწევს. ნაკრების ჩაბარების ყველაზე დიდი შანსი გუნდის ყოფილ თავკაც ადამ ნავალკას აქვს.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრების თავკაცის პოსტი ვაკანტური დეკემბრის ბოლოდანაა, როდესაც პაულო სოუზამ აღნიშნული თანამდებობა დატოვა და ბრაზილიურ “ფლამენგოს” მიაშურა.
პოლონელები 24 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსებს ეთამაშებიან.