შევჩენკომ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა
“მილანისა” და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ ფეხბურთელთა შესახებ ისაუბრა და ფავორიტიც დაასახელა. შეგახსენებთ, რომ თავად შევჩენკომ ეს ჯილდო 2004 წელს მოიგო.
“ოქროს ბურთის” მოგება ბევრ რამეს ნიშნავს. ეს ფეხბურთში მთავარი ინდივიდუალური ჯილდოა. ახალგაზრდობაში მის მოპოვებაზე ბევრი მიოცნებია, რამდენჯერმე მიზანთან ძალიან ახლოსაც ვიყავი. უბედნიერესი გახლდით, როდესაც “ოქროს ბურთი” მოვიგე. ვიგრძენი, როგორ ახდა ჩემი ერთ-ერთი ოცნება.
ჯილდოსთვის ბრძოლაში ფავორიტად მანუელ ნოიერს დავასახელებ. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს თვალყური მივადევნე. ნოიერი მუნდიალის მომგები გუნდიდანაა და ტურნირზე ყველა ეპიზოდში თავი ფანტასტიურად წარმოაჩინა. იგი თამაშობდა როგორც მეკარედ, ასევე მცველადაც, რითაც დიდად დაეხმარა დაცვის ხაზს.
თუმცა, ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მაინც აქვთ ჯილდოს მოპოვების შანსი. “რეალი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, რონალდუ კი კლუბის მთავარი ვარსკვლავი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებმა საოცარი ფინალი გვიჩვენეს. მესისთვის იოლი არ ყოფილა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მან ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა. შესაძლოა, ლეო ინდივიდუალური თვალსაზრისით საუკეთესო არ იყო, თუმცა მან გუნდისთვის ძალიან დიდი სამუშაო გასწია.
სამივე მათგანი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მე არჩევანს ნოიერზე ვაკეთებ. ის მართლაც გამორჩეული იყო გერმანიისა და მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში. მან ეს წელიწადი ფანტასტიურად განვლო”, – შევჩენკოს სიტყვები ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.