შევჩენკომ უკრაინის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა

ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 44 წლის სპეციალისტმა სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოაქვეყნა:
“დღეს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი ამომეწურა. ნაკრებში ხუთი წელი გავატარე. ეს იყო მძიმე სამუშაო, რამაც დაამტკიცა, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. უკრაინის ნაკრებში მუშაობის შესაძლებლობისთვის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ კომიტეტს მადლობას ვუხდი. ყველა იმ ფეხბურთელის და ადამიანის მადლიერი ვარ, რომელიც გვეხმარებოდა და ჩართული იყო გუნდის მუშაობაში. დიდ მადლობას ვუხდი ყველა ქომაგს მხარდაჭერისთვისა და კრიტიკისთვის. ვაჩვენეთ, რომ ჩვენს ფეხბურთს შეუძლია, იყოს კონკურენტუნარიანი, პროდუქტიული და ამაღელვებელი”.
ანდრეი შევჩენკო უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში 2016 წლის თებერვლიდან მუშაობდა, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი კი იმავე წლის ივლისში გახდა.
მისი ხელმძღვანელობით უკრაინის ნაკრებმა ევრო-2020-ზე მეოთხედფინალურ ეტაპამდე გააღწია.